მოქალაქეების პეტიციის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სალამი“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის სოფლებში მნიშვნელოვან პრობლემებს იკვლევს და მოქალაქეებს, სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, ამ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაა. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს მუნიციპალიტეტის ცენტრში ჩასვლა, რაც მათ იზოლირებასა და გარიყულობას იწვევს.
ამ პრობლემაზე საუბრობდნენ მოქალაქეები „უფასო ტაქსის“ გადაცემებში და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვდნენ. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „შეხვედრის ადგილი“ მუნიციპალიტეტის პრობლემების გაჟღერებისა და საზოგადოებრივი მსჯელობის ხელშეწყობის მიზნით, დმანისელებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობდა, მგზავრობის დროს კი „მძღოლი“ და მგზავრები მნიშვნელოვან პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობდნენ. ყველა მგზავრობა იწერებოდა და მზადდებოდა „უფასო ტაქსის“ გადაცემები, რომელიც სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა. ადგილობრივი მედიის არარსებობის პირობებში, ეს გადაცემები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ადგილობრივი პრობლემების გაშუქებისა და თვითმმართველობისათვის ხმის მიწვდენისათვის.
2023 წლის 11 ოქტომბერს, „შეხვედრის ადგილის“ და „სალამის“ ინიციატივით დმანისის საკრებულოში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნით დმანისის ისტორიაში მეორე პეტიცია დარეგისტრირდა, რომელისაც 312 დმანისელი აწერდა ხელს. ავტორები დაესწრნენ პეტიციის განხილვას და საკრებულოს წევრები დაარწმუნეს გაეთვალისწინებინათ ხალხის მოთხოვნა და სოფლებიდან ქალაქის მიმართულებით უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი დაენიშნა. შედეგად, დმანისის ისტორიაში პირველად, 24 სოფლის მოსახლეობას 1 თებერვლიდან ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.
Leave a Reply