პანკისის ხეობაში ახალგაზრდების გაძლიერება სამოქალაქო ჟურნალისტიკის გზით

პანკისის ხეობაში ახალგაზრდების გაძლიერება სამოქალაქო ჟურნალისტიკის გზით

პანკისის ხეობა საქართველოს ის რეგიონია, რომლის მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესი არსებობს. თვალწარმტაცი  ხეობა, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძირითადად ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული (ჩეჩნური წარმოშობის ეთნიკური უმცირესობა). ბოლო პერიოდში რეგიონი საერთაშორისო მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა პანკისის ხეობის რამდენიმე მკვიდრის (მათ შორის ახალგაზრდების) სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწვერიანების გამო. ამ მოვლენამ პანკისის ხეობაში ადგილობრივი ახალგაზრდების რადიკალიზაციის საფრთხე გააჩინა. პანკისის ხეობაში ძალიან მწირია ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები და მოსახლეობის 90% უმუშევარია. ამიტომაც, ახალგაზრდების გაძლიერებისა და სიღარიბის შემცირებისკენ მიმართული ინიციატივები, როგორც რადიკალიზაციის საპირწონე, საქართველოს მთავრობისა და საერთაშირისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამ გამოწვევების დასაძლევად, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS), რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს,  მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, რომელსაც პანკისის მოსახლეობაში საკმაო ნდობა აქვს მოპოვებული, მოქალაქეთა ჩართულობისა და ახალგაზრდების გაძლიერების ინიციატივებს ACCESS-ის დაფინანსებით ახორციელებს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჯგუფს ჩაუტარდა ინტენსიური ტრენინგი სამოქალაქო ჟურნალისტიკაში, რის შემდეგაც ახლად შექმნილმა ჟურნალისტთა კორპუსმა დაიწყო მულტიმედიური რეპორტაჟების და ბლოგების მომზადება იმ საკითხებზე, რაც ხეობის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ჟურნალისტური მასალები შემდეგ იტვირთება კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვერბგერდზე, რომელიც კახეთის რეგიონში ყველაზე პოპულარული მედიასაშუალებაა.

რამდენიმე დონორის დახმარებით „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“  პანკისის ხეობაში ორენოვანი (ქართულ-ჩეჩნური) სათემო რადიო – „რადიო WAY” დააფუძნა. რადიოში მუშაობენ მოქალაქე რეპორტიორები, რომლებმაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პროექტის ფარგლებში შესაბამისი სწავლება და მომზადება გაიარეს. ისინი ამზადებენ რადიოსიუჟეტებს ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე რეგიონის რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, რაც, თავის მხრივ, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციას უწყობს ხელს. ახალგაზრდების ასეთი ჩართულობით და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობით USAID-ი პანკისის ხეობაში ახალგაზრდების რადიკალიზაციის საფრთხის შემცირებას უწყობს ხელს. ერთ-ერთი მოქალაქე რეპორტიორი, 24 წლის ზარემა იდიძე, რომელიც ამჟამად სათემო რადიოში მუშაობს, ამბობს: „სანამ რადიოში დავიწყებდი მუშაობას, საქართველოდან წასვლას ვფიქრობდი … მხოლოდ ეს მიმაჩნდა გამოსავლის ერთადერთ გზად. ახლა ჩემი თემის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. გარეშე სამყარო პანკისს სხვა თვალით აღიქვამს. მინდა დავამსხვრიო ეს ნეგატიური სტერეოტიპი და სხვა კუთხით დაგანახოთ ჩემი ერი და ჩემი ხეობა… რადიო WAY მოგვცემს ამის საშუალებას“.

„რადიო WAY” და მოქალაქე რეპორტიორის ტრენინგები სამოქალაქო აქტივიზმის მხოლოდ ორი მაგალითია, რამაც შეიძლება ამ ისტორიულად მარგინალიზებულ რეგიონში ახალგაზრდებს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცეს. ამ მიმართულებით USAID-ის ACCESS-ის პროექტი მომავალშიც განაგრძობს მუშაობას როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან.

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<