EWMI ACCESS-ი წელიწადზე მეტია მხარს უჭერს „ცოდნის კაფესთვის“ შენობის ასაშენებელ სამოქალაქო კამპანიას. „ცოდნის კაფე“ არის კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე ქ. წნორში (სიღნაღი), სადაც ყველა ასაკის ადამიანი იყრის თავს. სიღნაღში ასეთი ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი სხვა სოციალური სივრცე არ არსებობს.
ამჟამად „ცოდნის კაფე“ ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებს. მოქალაქეების შემოწირულობებით კაფეს მესვეურებმა მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ახლა შენობის ასაშენებლად თანხის შეგროვებაა საჭირო. ამ მიზნით, უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს აქტიური კამპანია, რომელშიც ბევრი მოხალისეა ჩართული. COVID-19-ის პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა, თუმცა, იანვრიდან კამპანია კვლავ განახლდა და ახალი, საინტერესო ინიციატივცებითაც დაიტვირთა.
18 იანვარს „ცოდნის კაფემ“ სკოლის მოსწავლეებისათვის (უფროსკლასელებისთვის) ონლაინ „ბანაკში“ (bootcamp) მონაწილეობაზე განაცხადების მიღება გამოაცხადა. ახალგაზრდებს უნდა წარედგინათ იდეები, თუ როგორ ჩაერთვებოდნენ „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელ კამპანიაში. ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა – ბანაკში მონაწილეობის სურვილი 32 მუნიციპალიტეტიდან 128 გუნდმა (ჯამში 623-მა მოსწავლემ) გამოთქვა. მათგან შეირჩევა ათი გუნდი, რომლებიც თებერვლის შუა რიცხვებიდან დაესწრებიან სემინარებს მარკეტინგში, ბიზნესსა და სამოქალაქო აქტივიზმში. შემდეგ მათ გადაეცემათ სასტარტო კაპიტალი – 100-100 ლარი და მიეცემათ დავალება, რომ სხვადასხვა აქტივობით ეს თანხა მაქსიმალურად გაზარდონ. თითოეულ გუნდს ეყოლება მენტორი – წარმატებული „სტარტაპერი“, რომელიც მათ თანხების მობილიზებაში დაეხმარება. ფინალში გადავა ის გუნდი, რომელიც „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად ყველაზე მეტი თანხის შეგროვებას შეძლებს. ნახევარფინალისტები და ფინალისტები მრავალფეროვან პრიზებს მიიღებენ. წარმატებული გუნდების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები და ვიდეორგოლები მომზადდება.
თვალი ადევნეთ „ცოდნის კაფეს“ Facebook-ის გვერდს გუნდების ინიციატივების სანახავად.
Leave a Reply