ACCESS-ის მხარდაჭერით საწარმოებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კვლევა დაიწყო

ACCESS-ის მხარდაჭერით საწარმოებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კვლევა დაიწყო

2 დეკემბერს, ACCESS-ის მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დაიწყო კვლევა ქვეყნის მასშტაბით შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესასწავლად. კვლევა გულისხმობს ჩაღრმავებულ ინტერვიუებს საწარმოების თანამშრომლებთან  სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მაღალი რისკის სფეროებში, როგორიცაა მაღაროები.

კვლევის ფარგლებში შერჩეულ  კომპანიებში მშრომელთა სამუშაო პირობების შეფასება ხდება, კერძოდ: როგორია  შრომის პირობები და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე; ხდება თუ არა შრომითი ექსპლუატაცია და თუ კი, რა მასშტაბებით და რა ფორმით; რა შემთხვევები საჭიროებს ინტერვენციას სახელმწიფოს, კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების თუ ინდივიდუალური მშრომელების მხრიდან; რა სტრუქტურული, პრაქტიკული თუ ნორმატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებენ მშრომელები დარღვევების გააპროტესტებას,  სასამართლოში ჩივილს ან/და საკუთარი უფლებების სხვა მეთოდებით დაცვას.

თუ  კვლევისათვის შერჩეულ ობიექტს ასევე  შრომის ინსპექციის დეაპრტამენტი შეამოწმებს, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ობიექტში დასაქმებული ადამიანების გამოკითვა მოხდება ორჯერ: შრომის ინსპექციის შესვლამდე და შესვლის შემდეგ, გაცემული რეკომენდაციების/გატარებული სანქციების/მიღებული ზომების შედეგად შრომის  პირობების და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის ცვლილების საკვლევად. იმ ობიექტების შემთხვევაში, რომელშიც შრომის ინსპექტირება არ განხორციელდება, EMC  დასაქმებულებს მხოლოდ ერთხელ გამოიკითხავს.

კვლევა ჩატარდება მინიმუმ ხუთ საწარმოში –  სუპერმარკეტების ქსელი  თბილისში, მძიმე ინდუსტრიის და მსუბუქი ინდუსტრიის საწარმოები  საქართველოს რეგიონებში,  კვების ობიექტები და საბანკო მომსახურება. კვლევაში სულ 80-დან 100-მდე პირი მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული კვლევის შედეგების საფუძველზე EMC განახორციელებს ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების კამპანიას და წარმოადგენს ანგარიშს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანია საქართველოში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმის შესწავლა და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

 

Write a Comment

Leave a Reply

<