რეგიონული კონფერენცია – მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში

რეგიონული კონფერენცია – მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში

15 ივნისს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს ორგანიზებით და EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ქუთაისში გაიმართა რეგიონული კონფერენცია „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“. კონფერენციის მიზანი იყო იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის აღსრულების მექანიზმების შესახებ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – თამარ ჩუგოშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ნინო თვალთვაძე, EWMI ACCESS-ის პროექტის ხელძღვანელის მოადგილე – თამარ გურჩიანი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი – ნინო ხუხუა, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი – ელენე რუსეცკაია, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი – ანა ილურიძე, და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ირმა პავლიაშვილი.

სპიკერებმა ისაუბრეს იმერეთის რეგიონში მცხოვრები ქალების სპეციფიკურ საჭიროებებზე. ნინო ხუხუამ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის შედეგები, რომელიც იმერეთის რეგიონში EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით 2017 წლის ზაფხულში ჩატარდა და აღნიშნა, რომ ქალების საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია მამაკაცი პოლიტიკოსების მხრიდან, ამიტომაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესში ქალების საჭიროებების გათვალისწინება და ე.წ. გედნერულად მგრძნობიარე ბიუჯეტების შემუშავება. ამის მაგალითად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რამდენიმე  ინიციატივაზე ისაუბრა, რაც ქალების საჭიროებების გათვალისწინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ცალკე სესია დაეთმო გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებს – საკრებულოების დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას.  სპიკერებმა ისაუბრეს, თუ როგორ შეიქმნა ეს საბჭოები, რა ფუნქციები აქვთ და როგორია მათი მუშაობის მექანიზმი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის როლს და ჩართულობას გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციური გაძლიერებისა და გენდერულ საკითხებზე ცენტრსა და რეგიონებს შორის კოორდინირების პროცესში.

კონფერენციის ბოლო ნაწილში განიხილეს ქალების დისკრიმინაციის ფაქტები, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისთვის არსებული ბარიერები და ამ გამოწვევების ფონზე  გენდერული კვოტების შემოღების მნიშვნელობა, როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ეფექტური საშუალება.

კონფერენციას ესწრებოდნენ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.

Write a Comment

Leave a Reply

<