სწრაფი რეაგირების გრანტები – იმოქმედე ახლა

სწრაფი რეაგირების გრანტები – იმოქმედე ახლა

7 მარტს, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი – „იმოქმედე ახლა“. კონკურსის მიზანი იყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა გაერთიანებების ინიციატივების მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომისა და საქართველოზე მისი გავლენის საპასუხოდ, კერძოდ:

  • საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერა – სამოქალაქო ინიციატივების ორგანიზება, უკრაინის მოქალაქეების ზუსტი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების მობილიზება, მიმდინარე მხარდამჭერი ინიციატივების კოორდინირება ან/და ამ ინიციატივების ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა და სტრუქტურირება (ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით).
  • უკრაინისთვის ფინანსური და სხვა ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება – სამოქალაქო ინიციატივების ორგანიზება, ამ კუთხით არსებული ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, ახალი შესაძლებლობების შექმნა ან/და სხვა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა.
  • სექტორთაშორისი და სექტორს შიგნით თანამშრომლობის მხარდაჭერა მიმდინარე ინიციატივების გასაძლიერებლად ან/და ახალი ინიციატივების შესამუშავებლად.

სწრაფი რეაგირების გრანტები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხების გადასაჭრელადაც, მათ შორის:

  • უკრაინაში მიმდინარე ომის დროს საქართველოში მოქმედი რადიკალური ულტრამემარჯვენე ან/და რუსეთის მიერ დაფინანსებული ჯგუფების საზიანო ქმედებების გამოაშკარავება და ამ კუთხით არსებული საფრთხეების შესამცირებლად საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების განხორციელება.
  • უკრაინაში ომის გამო განსაკუთრებით აქტუალური და ყველაზე ხშირად განხილული საკითხების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, მაგ. სანქციებზე მიერთება, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და ა.შ.
  • უკრაინაში ომის გამო საქართველოს წინაშე წამოჭრილი გადაუდებელი საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების განხორციელება.
  • უკრაინის ომთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაციის მხარდაჭერა, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარებების შესახებ.
  • სხვა სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც უპასუხებს უკრაინის ომის და საქართველოზე მისი გავლენის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

საგრანტო თანხა:   $500-იდან $10 000-მდე

პროექტების ხანგრძლივობა:  2 კვირიდან 2 თვემდე

კონკურსი დაიხურა 1 აპრილს. 

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<