საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასება

საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასება

27 იანვარს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასება წარადგინა.

კვლევის ანგარიში, რომელიც სამიზნე დაწესებულებებში 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე მომხდარი პროცესების ანალიზს მოიცავს, წარმოადგინეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა და საჯარო მმართველობის ექსპერტმა ნინო ცუხიშვილმა.

კვლევა 2019 წლის მაისიდან 2019 წლის ივლისამდე განხორციელდა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ დაწესებულებებს მოიცავს:
• ცენტრალური ხელისუფლება: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
• ადგილობრივი თვითმმართველობა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; და გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ანგარიშის მთავარი მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პრაქტიკაში განხორციელების შესწავლა და შეფასება სამიზნე საჯარო დაწესებულებებში. კვლევაში გამოკვეთილია ის ძირითადი ხარვეზები და პრობლემები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის დანერგვის დროს გამოვლინდა; წარმოდგენილია ამ პრობლემათა გამომწვევი მიზეზებიც, როგორც საკანონმდებლო, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით. კვლევის ანგარიშში მიმოხილულია შემდეგი საკითხები: საჯარო სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის სიდიდე, საჯარო სამსახურში მიღების და გათავისუფლების პროცედურები, ნეპოტიზმის და პოლიტიკური ზეგავლენის აღმოფხვრა და საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობა. ცალკე თავი ეთმობა საჯარო მოხელეთა შეფასებებს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ანგარიშის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეფორმის ჯეროვნად წარმართვას და გაზრდის საჯარო სამსახურის ეფექტიანობას.

კველვის ანგარიშში საჯარო სამსახურში მიღების მიმართულებით, დადებით ტენდენციადაა მიჩნეული საჯარო დაწესებულებების მიერ, გარდამავალ პერიოდში, პროფესიულ საჯარო მოხელეთა მისაღებად დახურული კონკურსების გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი. დადებითად არის შეფასებული დაწესებულების ხელმძღვანელების საკონკურსო კომისიის საქმიანობიდან ჩამოშორება და გარე ექსპერტების ჩართულობის მაღალი ხარისხი. უარყოფით ტენდენციად შეფასდა სამიზნე საჯარო დაწესებულებების მიერ შრომითი ხელშეკრულებით, უკონკურსოდ დასაქმებისა და პროფესიული საჯარო მოხელის მისაღებად გამოცხადებული კონკურსების ჩაშლის მაღალი მაჩვენებლები; აგრეთვე, საჯარო მოხელის გადაყვანის, შეფასების და კარიერული განვითარების სისტემების არასათანადო დანერგვა.

საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების მიმართულებით, დადებით ტენდენციად მიიჩნევა სამიზნე საჯარო დაწესებულებების მიერ მსუბუქი დისციპლინური სანქციებისათვის უპირატესობის მინიჭება და სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოუყენებლობა. მისასალმებელია დისციპლინური წარმოების პროცესის დეტალიზება და საჯარო დაწესებულებების მიერ პროცესის კანონის ფარგლებში წარმართვა. უარყოფით ტენდენციადაა შეფასებული საჯარო მოსამსახურეების მიერ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების მაღალი მაჩვენებელი, რეორგანიზაციის პროცესში საჯარო მოხელეთა მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევების სიმცირე და უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სამსახურში აღდგენის შეუძლებლობა; აგრეთვე, რეორგანიზაციისა და უკანონოდ გათავისუფლების შედეგად საჯარო მოხელეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი კომპენსაციისა და განაცდურის დიდი ოდენობა.

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე:
https://ncce.ge/upload/news/400561580116829.pdf

ინგლისურ ენაზე წარმოდგენილია კვლევის მოკლე მიმოხილვა: https://ncce.ge/upload/news/566701580116829.pdf

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხადრაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით.

Write a Comment

Leave a Reply

<