პანდემია და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

პანდემია და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

რამდენად პასუხობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არსებულ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს რესურსების უფრო ეფექტიანად გამოსაყენებლად? – ამ თემაზე, EWMI ACCESS-ის ინიციატივით, 21 მაისს ონლაინ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი; გიორგი ხიშტოვანი, PMCG-ის კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი და გიორგი პაპავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი. დისკუსიას უძღვებოდა ელენე კვანჭილაშვილი, BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ავტორი.

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას, კერძოდ:

გამჭვირვალობის ნაკლებობა: ექსპერტების თქმით, დროულად არ ხდება მნიშვნელოვანი მონაცემების გამოქვეყნება. არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სტატისტიკურ მონაცემებს და გათვლებს ეყრდნობა მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიკრიზისული გეგმები. ასევე, არ არის სათანადოდ შეფასებული და დათვლილი ზარალი სხვადასხვა სექტორში. მაგალითისთვის, არ ვიცით რა დანაკლისი განიცადა ტურიზმმა, არ ვიცით რა დაჯდება ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება და ა.შ.

პროტექციონიზმის და ლობიზმის რისკები: სხვადასხვა ბიზნესი შეეცდება  დაასაბუთოს, რომ მისი დახმარება (სუბსიდირება) აუცილებელია, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს. შედეგად, შესაძლოა, ისედაც მწირი რესურსი არასწორად განაწილდეს. მთავრობის მიერ გარკვეული სფეროების სუბსიდირებამ და ადგილობრივი წარმოების წახალისებამ შეიძლება დაარღვიოს ბაზარზე არსებული ბალანსი.

უმუშევრობა: არსებულ სიტუაციაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა უმუშევრობაა. მთავრობამ დღეს ზუსტად არ იცის, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო და შესაბამისად, შემოსავალი. შესაბამისად, ის ვერ შეძლებს ამ პრობლემაზე ადეკვატურ რეაგირებას.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თავდაპირველად, ვინაიდან მთავარი გამოწვევა სოციალური ხასიათის იყო, აუცილებელი იყო ოჯახების პირდაპირი დახმარება, თუმცა, ნელ-ნელა აქცენტი უნდა გადავიდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და პოზიტიური მოლოდინების შექმნაზე. არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ეკონომიკის გახსნაა, თუმცა მთავრობამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ეპიდემიამ ისევ არ იფეთქოს და ეკონომიკა ისევ არ ჩაიკეტოს, რადგან მეორედ ჩაკეტვა კიდევ უფრო დიდი ძალით დაარტყამს ბიზნესს.

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საიმედო გარემო ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებისთვის, რისთვისაც აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ინოვაციური სერვისების განვითარება და კვალიფიციური კადრებისა და სერვისების შექმნა.
ეკონომიკის გარდა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს დისტანციური სწავლების განვითრებასა და ხელმისაწვდომობაშიც. პანდემიამ მოგვცა ბიძგი, რომ განვავითაროთ დისტანციური სწავლების შესაძლებლობები და ამით დავაბალანსოთ ადგილობრივი განათლების სისტემის ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა სწორად იქნას გამოყენებული და კრიზისის გადავლის შემდეგ ისევ იმ პოზიციას არ დავუბრუნდეთ, სადაც კრიზისამდე ვიყავით.

დისკუსიის სრული ჩანაწერი იხილეთა აქ.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<