კონფერენცია – ბათუმის ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში
26 ივლისს, EWMI ACCESS-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომის” ინიციატივით, ბათუმში გაიმართა კონფერენცია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რასაც მშენებლობების მზარდი რაოდენობა ქალაქ ბათუმის უნიკალური ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უქმნის.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის ვიცე-მერმა, აჭარის ა/რ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგნლებმა, დარგის ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მონაწილეებმა შეაფასეს ბათუმის ურბანული განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ისაუბრეს იმ მიდგომებზე, რაც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამომავლოდ უნდა გატარდეს ბათუმის ისტორიულ იერსახის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.
კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბათომი“ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბათუმში ისტორიული ქალაქის ადეკვატური, ძეგლთა დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას. პროექტის ფარგლებში ჩატარდება როგორც საუკეთესო გამოცდილების, ასევე არსებული პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, და მომზადდება რეკომენდაციები ისტორიული ქალაქის მართვის საუკეთესო მიდგომების შესახებ.
ადგილობრივი მთავრობის წამრომადგენლებმა დიდი ინტერესი და მზადყოფნა გამოთქვეს პროექტში ჩასართავად. ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეკომენდაციების შემუშავების და საბოლოო რეგულაციების შექმნის პროცესში. ბათუმის ვიცე-მერმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რაც უკვე დაინერგა ბათუმის ურბანული იერსახის შესანარჩუნებლად. მან ასევე დადო პირობა, რომ შემოიღებს ახალ რეგულაციებს, რათა უზრუნველყოს ქალაქის კულტურული მომეკვიდრეობის დაცვა და მდგრადი ურბანული განვითარება. მისი თქმით, „ბათომის“ პროექტი მათ სწორედ ამ საკითხებში დაეხმარება. გარდა ამისა, „ბათომი“ საჯარო მოხელეებს ჩაუტარდებს ტრენინგებს საუკეთესო გამოცდილებისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხებზე, რაც გაამარტივებს ახალი რეგულაციების დანერგვის და განხორციელების პროცესს.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეკონომიკური ზრდა არ უნდა მოხდეს ქალაქის ისტორიული იერსახის დეგრადაციის ხარჯზე. ასევე, სახელმწიფო დაფინანსების გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისთვის უნდა გამოინახოს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და სქემები, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება; მშენებლობებზე არსებული რეგულაციები არ უნდა იყოს ზედემტად ბიუროკრატიული, თუმცა უნდა იყოს მკაფიო და მკაცრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თვალსაზრისით; აუცილებელია შეიქმნას რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის მექანიზმები, რაც ამჟამად არ არსებობს; ასევე, საჭიროა ფართო საზოგაოდების ინფორმირება ქალაქის უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე.
Leave a Reply