საჯარო დისკუსია – შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმის განვითარება

საჯარო დისკუსია – შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ინსპექტირების მექანიზმის განვითარება

2 ნოემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია საქართველოში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პროფკავშირების, ბიზნესგაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების საპასუხოდ, 2015 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო შრომის ინსპექციის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. მარტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე დაფუძნდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი. დისკუსიაზე საუბარი შეეხო სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს და შეფასდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობა.
შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქალბატონმა ელზა ჯგერენაიამ ისაუბრა ახლადშექმნილი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ დღემდე შესრულებულ სამუშაოზე – კერძოდ, უკვე მოხდა 75 კომპანიის ინსპექტირება, რომელთაგან 25 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კომპანიაა. ინსპექტირების შედეგად გამოვლენდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობა, მომატებული მტვერიანობა და სხვა. დეპარტამენტმა გასცა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების გადამოწმება მიმდინარე თვეში დაიწყება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ინსპექტირებას მხოლოდ ის კონპანიები გადიან, რონმლებიც თავად გამოხატავენ სურვილს. ამ მიზეზით, სახელწიფოს მიერ ინსპექტირებულ კომპანიათა სიაში ჯერ-ჯერობით ვერ მოხვდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში აწარმოებენ სამუშაოებს (მაგ. მაღაროები). ქალბატონი ელზას თქმით, 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა კანონი შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელიც სავალდებულოს გახდის შრომის პირობებისა და უსაფრთხოების დაცვას სამუშაო ადგილებში. გარდა ამისა, დაიწყება საწარმოების ინსპექტირება შრომითი უფლებების დაცვის კუთხითაც. სამინისტროს წარმომადგენლის თმით, ამჟამად კანონპროექტი დამუშავების პროცესშია და მისი განხილვა აუცილებლად მოხდება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ასევე სამინისტროში მიმდინარეობს ევროკავშირის დირექტივების შიდა კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის პროცესი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის (EMC), ლინა ღვინიანიძის განცხადებით, მისი ორგანიზაცია, ACCESS-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მომავალი 8 თვის განმავლობაში ჩაატარებს კვლევას საქართველოში არსებული სიტუაციის შესაფასებლად და შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას, რის შედეგადაც სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების მექანიზმის კონცეფციას შესთავაზებს, რომელიც დაფუძნებული იქნება არა მხოლოდ შრომითი პირობების უსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ასევე მშრომელთა უფლებების დაცვაზე. ქალბატონი ლინას თქმით, მიუხედავად 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი დადებითი ცვლილებებისა, მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით სიტუაცია რეალურად არ შეცვლილა. ღვინიანიძემ ხაზი გაუსვა დეპარტამენტის დამოუკიდებლობისათვის მისი ინსტიტუციური მოწყობის, მისი რეაქციული და პრევენციული ფუნქციის გამოკვეთისა და მისთვის ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფის საკითხების მნიშვნელობას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ჟოლტ დუდაშის თქმით, 2013 წელს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება მათი იმპლემენტაციისა და აღსრულების უზრუნველსაყოფად, რაც შრომის ინსპექციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნით შეიძლება იქნას მიღწეული. ILO-ის უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ გარდა ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებებისა, შრომის ინსპექტირება საერთაშორისო ვაჭრობისთვისაც მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სასამართლო დავების 95% არა შრომის უსაფრთხოების, არამედ სწორედ დასაქმებულთა შრომით უფლებებს (კონტრაქტის დარღვევა, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება და ა.შ.) შეეხება. ამასთან, ბატონმა დუდაშმა ხაგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „კანონმორჩილების კულტურის“ დანერგვა. მან გამოყო ორი ძირითადი საჭიროება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომის უფლებების დაცვის ზედამხედველობა და წარმოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის (Occupational Safety and Health) სტანდარტების დანერგვა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ინსპექტორების შეუფერხებელი დაშვება საწარმოებში, ინსპექტორები უნდა იყვნენ საკმარისი რაოდენობის, გააჩნდეთ ავტონომიურობა და იყენებდნენ ინსპექტირების გამჭვირვალე პროცედურებს, რაც გამორიცხავს კორუფციას და სუბიექტივიზმს.
პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ირაკლი პეტრიაშვილმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ცნობიერების ამაღლების და კანონის პრაქტიკაში აღსრულების საჭიროებას. მისი თქმით, სტატისტიკა მართლაც შემაძრწუნებელია – 2014 წელს სამუშაოს შესრულებისას გარდაიცვალა 41 ადამიანი, ხოლო 66-მა მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო. 2015 წლის 10 თვის მონაცემებით კი გარდაცვლილია 32, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 42 ადამიანმა მიიღო. ბატონი ირაკლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლებს კარგად ესმოდეთ შრომის პირობების უსაფრთხოებისა და მშრომელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა, ვინაიდან ეს ყველაფერი ზრდის შრომის ნაყოფიერებას და მათ თავიდან აცილებს დამატებით ხარჯებს (მაგ: სასამართლოს მიერ დაკისრებულ კომპენსაციებს დაზარალებულებისთვის).
გამომსვლელების მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის ცენტრის“, სახალხო დამცველის ოფისის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, აშშ-ის საელჩოს და პროექტ G4G-ის წარმომადგენლებმა გამომსვლელებს დაუსვეს კითხვები და გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს შრომის ინსპექციის საკითხებზე საჯარო დიკუსიებს და ფართო საზოგადოებას EMC-ის კვლევის შედეგებს გააცნობს.

1DSC_6799

Write a Comment

Leave a Reply

<