სასწავლო კურსი სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი ფორმების შესახებ აქტივისტებს ცვლილებებისთვის ბრძოლის ახალ შესაძლებლობებს აძლევს
„სამოქალაქო მოძრაობების მთელი არსი ის არის, რომ საზოგადოებაში გარკვეული ფასეულობები დანერგონ. მართალია, მათ ხშირად შეიძლება იმედგაცრუება და ნეგატიური ენერგია ამოძრავებდეს, მაგრამ წარმატებულმა მოძრაობამ ეს დადებით ცვლილებად უნდა გარდაიქმნას. სამოქალაქო მოძრაობა იმაზე მეტია, ვიდრე რამეს წინააღმდეგ წასვლა – საკმარისი არაა იცოდე რის წინააღმდეგ მიდიხარ, ისიც უნდა იცოდე, რისთვის და საით მიდიხარ“- სლობოდან ჯინოვიჩი, ბელგრადში დაფუძნებული „გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრის“ (CANVAS) თავმჯდომარე.
სლობოდან ჯონოვიჩი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო მოძრაობა „ოტპორისა“ („წინააღმდეგობა!“), რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სერბეთში მილოშევიჩის რეჟიმის დამხობაში. მისი ეს რჩევაც ქართველ სამოქალაქო აქტივისტებს თბილისში ჩატარებული სასწავლო კურსის დროს გაუზიარეს.
სასწავლო კურსში, რომელიც CANVAS-მა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო 20-მა გამოცდილმა და დამწყებმა აქტივისტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ისინი ხუთი დღის განმავლობაში (26-30 სექტემბერი) დაესწრნენ ინტერაქტიულ სესიებს სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი ფორმების და მეთოდების შესახებ. თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით მონაწილეები მუშაობდნენ საკუთარი კამპანიებისათვის გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრაზე, ასევე არაძალადობრივი მოქმედებების ტაქტიკის და ეფექტიანი ბრენდინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავებაზე.
კურსის მონაწილეების ინტერესების სფეროები და გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო – გარემოს დაცვა, განათლება, უმცირესობების უფლებები, ბავშვების უფლებები, თემის განვითარება და სხვ.
მონაწილეთა შორის იყო როლანდ ბაღათურიაც, რომელიც მუშაობს „აქტიურ სამოქალაქო ინიციატივაში“ – არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამეგრელოს რეგიონის მცხოვრებთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როლანდი ამბობს, რომ კურსი მას დაეხმარა აქტივიზმს უფრო გონივრულად მისდგომოდა. „კურსის დროს ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტრატეგია. თუ საზოგადოების შეცვლა გსურს, პრობლემებზე მყისიერი რეაგირების გარდა, გრძელვადიანი სტრატეგია უნდა გქონდეს – არადა ბევრ აქტივისტს სწორედ ამ კუთხით უჭირს. სტრატეგია, დაგეგმვა და ერთიანობა აუცილებელი კომპონენტებია წარმატებული მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად.“
მარინა მესხს, რომელიც ურბანულ საკითხებზე მუშაობს, ეგონა, რომ მის უბანში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყველა გზა უკვე გამოყენებული ჰქონდა, თუმცა კურსის გავლის შემდეგ დარწმუნდა, რომ კიდევ ბევრი გზა არსებობს. „მე თბილისის ვაშლიჯვრის უბანში ვცხოვრობ, სადაც, უკონტროლო მშენებლობებმა უზარმაზარი საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ პრობლემები გამოიწვია“ – ამბობს მარინა მესხი. „წერილებს ვწერდი მერიასა და ტრანსპორტის სააგენტოს, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და იმედგაცრუებული ვიყავი. თუმცა, კურსის დროს მიღებულმა ინფორმაციამ და ჩვენი მასწავლებლის, სინიშას დეტალურმა რჩევებმა ახალი იდეები გამიჩინა. უკვე ჩამოვაყალიბე გეგმა და დავიწყე მუშაობა, რომ ჩემი თემი ამ გეგმის გარშემო დავრაზმო.“
მონაწილეების უმეტესობა პირველად შეხვდა ერთმანეთს. ახალ ცოდნასთან ერთად შეძენილი ახალი კონტაქტები მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს და საერთო ინტერესებიც გამოკვეთეს. აიჰან ჰასანოვი, პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელი, რომელიც ქვემო ქართლში უმცირესობების უფლებებს იცავს, ამბობს: „გასულ კვირას ჩვენმა მოძრაობამ პარლამენტის წინ აქცია ჩაატარა. ქვემო ქართლის სკოლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ, ინფრასტრუქტურა საშინელ მდგომარეობაშია. ამ პრობლემაზე გვინდოდა ყურადღების გამახვილება. ამის შესახებ მოვუყევი კურსის რამდენიმე მონაწილეს და ძალიან გამიხარდა, როდესაც ისინი გვერდში დაგვიდგნენ და აქციაში მიიღეს მონაწილეობა“.
ხუთდღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ CANVAS-ი ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს გაუწევს მონაწილეებს და დაეხმარება მათ საკუთარი სამოქმედო გეგმების დახვეწაში. მომდევნო თვეების განმავლობაში მინიმუმ 12 დისტანციური კონსულტაცია ჩატარდება.
კურსის მონაწილეებს ასევე შეეძლებათ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის საგრანტო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. მარინა მესხმა გვითხრა, რომ კურსის შემდეგ უკეთაა მომზადებული საგრანტო განაცხადის მოსამზადებლად. „კურსის დროს CANVAS-ის წარმომადგენლებს შევხვდი, მათი რჩევები მოვისმინე და უკვე დავიწყე პროექტის მზადება. ახლა განაცხადს უფრო თავდაჯერებულად შევიტან, რადგან კონკრეტული სტრატეგია უკვე მაქვს.“
CANVAS-ის სასწავლო კურსის პირველი ნაკადის (2022 წლის აპრილი) სამმა მონაწილემ უკვე მოიპოვა საგრანტო დაფინანსება საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად. მათ შორისაა ალტერნატიული კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე დმანისში (ქვემო ქართლში), სადაც სოციალურ საკითხებზე ღია დისკუსიები ტარდება; საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მაღაროების მახლობლად მცხოვრებთა უფლებებს იცავს; და პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის მუშაკებს მათ კანონიერ უფლებებს გააცნობს და დაეხმარება ამ უფლებების დაცვაში.
წინა ნაკადის მონაწილეებმა ასევე კარგად გამოიყენეს კურსის დროს ერთმანეთთან დამყარებული კავშირები. აითაჯ ხალილი, რომელიც პლატფორმა „სალამს“ წარმოადგენს, შეუამხანაგდა ნოდარ ჩაჩანიძეს, მოძრაობა „მომავლის ჭიათურის“ დამფუძნებელს და ტელეარხ „ფორმულაზე“ გადაცემა „რეგიონების ხმის“ წამყვანს. ისინი ერთად ცდილობენ მათი ქალაქების – ბოლნისისა და ჭიათურის მოსახლეობის ინტერესების დაცვას, ეხმარებიან მოსახლეობას ხმა აღიმაღლონ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებისას გარემოს აზიანებენ. პლატფორმა „სალამმა“ ასევე მიიწვია კურსის კიდევ ორი მონაწილე, გიგა ბექაური და ლაშა ჩხვიმიანი – რომლებიც კულტურის სექტორში მომუშავეთა უფლებებს იცავენ – რათა მათ „სალამის“ აქტივისტებისთვის ჩაეტარებინათ ტრენინგი სოციალური სამართლიანობის, ღირსეული სამუშაო პირობების და ხელოვნებაში სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე.
Leave a Reply