EMC-ის მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა და საქმიანობა ნაწილობრივ შეუჩერა შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სურსათით მომმარაგებელ ერთ კომპანიას, ხოლო სავალდებულო რეკომენდაციები გასცა მეორე კომპანიისთვის
EWMI ACCESS-ის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ქვეყნის მასშტაბით შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას იკვლევს. კვლევის ფარგლებში ტარდება ჩაღრმავებული ინტერვიუები სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებთან, მათ შორის მაღალი რისკის ზონებიდან.
ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც EMC იკვლევს არის შპს “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც ჭიათურის მაღაროებში მანგანუმის მომპოვებელ საქმიანობას ეწევა. მაღაროებში დასაქმებული მუშები EMC-ისთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ საწარმოს მიერ მათთვის მიწოდებული საკვები პროდუქტების არასათანადო მდგომარეობა საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მათი თქმით, მოწოდებული პროდუქცია უვარგისია საკვებად, რაც აშკარა ხდება პროდუქციის სუნის, გემოსა და სხვა მახასიათებლებზე დაკვირვებით. გარდა ამისა, დასაქმებულთა ინფორმაციით, პროდუქცია ხშირადაა ობმოკიდებული, დარღვეულია შეფუთვის მთლიანობა, გასულია მოხმარების ვადები. აღნიშნული პირობები კრიტიკული ხდება ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც სრულიად გაუმართავია საწარმოში არსებული საკვების მიღების, დასაწყობებისა და დისტრიბუციის სისტემა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, EMC-იმ მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ ფაქტზე რეაგირების მოთხოვნით. შედეგად, სააგენტომ არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელა ჭიათურ-მანგანუმის საწარმოს სურსათით მომმარაგებელ ორ კომპანიაში შპს “ა.ნ. ფუდ სერვისსა” და შპს “ქობულეთურ ტრეიდინგში”.
არაგეგმიური შემოწმების შედეგად შპს “ა.ნ ფუდ სერვისის” საქმიანობაში გამოვლინდა 3 კრიტიკული და 26 არაკრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც, კომპანია დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო შეუსაბამობების აღმოფხვრამდე ნაწილობრივ შეუჩერდა საწარმოო პროცესი. რაც შეეხება შპს “ქობულეთური ტრეიდინგს”, ინსპექტირების შედეგებმა გამოავლინა რამდენიმე არაკრიტიკული შეუსაბამობა, რომლის გამოსასწორებლადაც ორგანიზაციას მიეცა ვადა.
EMC დააკვირდება გაცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმების პროცესს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებს. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, სამუშაო ადგილზე არსებული, კონკრეტული სასურსათო პროდუქციის გადამოწმების მიზნით. ასევე დასაქმებულთა შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით დამსაქმებლის ვალდებულებების შესრულების დასადგენად.
Leave a Reply