წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების მონაწილეობის მონიტორინგი

წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების მონაწილეობის მონიტორინგი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ოქტომბრიდან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა. პროექტი ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო აგიტაციაში სასულიერო პირების მონაწილეობაზე და სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთდამოკიდებულებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს, ხოლო სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება მხარეებს ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვას ავალდებულებს, ეს ნორმები პრაქტიკაში ხშირად ირღვევა. ამას ცხადყოფს DRI-ის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშებიც, რომელთა თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიაში მღვდელმთავრების მონაწილეობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი პირველი ტურის პერიოდში იყო. მეორე ტურში სასულიერო პირები აგიტაციაში უფრო ნაკლებად მონაწილეობდნენ.

ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და კონსტრუქციული მსჯელობის დაწყების მიზნით, DRI-იმ მოამზადა და მის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოინტერვიუები სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის, კონსტიტუციონალისტებთან, თეოლოგებთან და ფილოსოფოსებთან, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე, სასულიერო პირების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მიზეზებზე, ამით გამოწვეულ პრობლემებზე და  პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობენ.

DRI დეკემბერში გამოაქვეყნებს სამართლებრივ ანალიზს, რომელშიც განხილული იქნება სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის სხვადასხვა მოდელი.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<