ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალი ამომრჩევლების პრობლემების ადვოკატირება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალი ამომრჩევლების პრობლემების ადვოკატირება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ფუნქციონირებს, EWMI ACCESS-ის დაფინანსებით 2017 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ქალი ამომრჩევლების პრობლემების იდენტიფიცირება და ამ საკითხების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წარდგენა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ შეკრიბა აქტიური ქალები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში: თავდაპირველად ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები იმ პრობლემების გამოსავლენად, რაც ადგილობრივ ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ. შეხვედრების შემდეგ შეიქმნა ქალების საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები ადვოკატირებაში და კომუნიკაციის მეთოდებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში (სექტემბერი-ოქტომბერი, 2017), საინიციატივო ჯგუფის წევრები საარჩევნო კანდიდატებს შეხვდნენ, სადაც საკუთარი პრობლემების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდეს და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ იმსჯელეს. 2018 წლის იანვარში საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ 2018 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვებს და საკრებულოს წევრებს მოუწოდებდნენ, რომ პროექტის შედეგად გამოვლენილი პრობლემები სამომავლო გეგმებში გაეთვალისწინებინათ.

პროექტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ქალებიც იყვნენ ჩართულები. ერთ-ერთი მათგანი თამარია, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. თამარი რამდენიმე წელია ითხოვს, რომ ოზურგეთში საჯარო დაწესებულებები და ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. თამარი აქტიურად ჩართული იყო პროექტის ყველა ეტაპზე. კარგად დაგეგმილი ადვოკატირების კამპანიის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოყო საბიუჯეტო თანხები ქალაქში საჯარო შენობებზე პანდუსების ასაშენებლად, ასევე ქალაქში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სველი წერილის ასაშენებლად. თამარის თქმით, პროექტმა გააძლიერა და გაააქტიურა ბევრი ქალი, რომლებიც პირველად ჩაერთნენ სოფლისა და ქალაქის პრობლემების მოგვარების პროცესში. „ჩვენ კარდაკარ დავდიოდით სოფლებში და ვიკვლევდით ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს. შემდეგ ეს პრობლემები საარჩევნო კანდიდატებს და საკრებულოს წევრებს წარვუდგინეთ და დავუსაბუთეთ. ზოგიერთმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ აქამდე არ უფიქრია, თუ რამდენად განსხვავებული პრობლემები აქვთ ქალებს და კაცებს. მათ ასევე გაუკვირდათ, რომ სოფლებში ამდენად აქტიური ქალები არიან. ეს არ იყო ერთჯერადი შეხვედრები.დღემდე მჭირდო ურთიერთობა მაქვს საინიციატივო ჯგუფის წევრ ქალებთან და მომავალშიც განვაგრძობთ აქტიურად ჩვენი ინტერესების დაცვას“ – ამბობს თამარი.

„ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ქალებთან ერთად განაგრძობს მუშაობას სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

Write a Comment

Leave a Reply

<