USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „შეხვედრის ადგილი“ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში თეატრალურ წარმოდგენებს, კინოჩვენებებს და სხვა საინტერესო ღონისძიებებს მართავს, და ხელოვნების სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
პარალელურად, ორგანიზაცია დმანისში ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის — „შეხვედრის ადგილის“ – აშენებისთვის ემზადება. ეს სივრცე დმანისელებს იმ შესაძლებლობებს შესთავაზებს, რაზეც მათ დღეს ხელი არ მიუწვდებათ, კერძოდ: სპექკატლებს, კინოჩვენებებს, ტრენინგებს, სადისკუსიო სივრცეს, სოციალურ კაფეს და ბიბლიოთეკას. აქ თავს მოიყრის ყველა ასაკის ადამიანი, რომლებიც ახალ ცოდნას დაეუფლებიან, თანამოაზრეებს შეიძენენ და დმანისისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად ერთად იმოქმედებენ.
„შეხვედრის ადგილის“ მშენებლობისთვის საჭირო თანხის ნახევარზე მეტი (10000 ლარი) მოქალაქეების შემოწირულობებით შეგროვდა. თანხის შეგროვება ოქტომბერში დაიწყო და მაისში „ორბელიანი მეტის“ თანადაფინანსების პლატფორმაზე ჩატარებული კამპანიით გაგრძელდა. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა „შეხვედრის ადგილის“ მშენებლობას დამატებით 8000 ლარით დააფინანსებს.
Leave a Reply