არასამთავრობო ორგანიზაციების ღია შეხვედრები ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობასთან

არასამთავრობო ორგანიზაციების ღია შეხვედრები ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობასთან

7 და 8 აგვისტოს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები -„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ზემო სვანეთის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. შეხვედრების მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში დახმარება.

შეხვედრები გაიმართა ხაიშში, იდლიანში, ჭუბერში და ნაკრაში, სადაც ადგილობრივებმა ყველაზე მწვავე პრობლემებად შემდეგი საკითხები დაასახელეს: ხე-ტყით სარგებლობის ტრადიციული, მდგრადი მეთოდების აღდგენა; ზემო სვანეთის რეგიონისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება; სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბარიერები; დიდი ჰესების მშენებლობის უარყოფითი გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე და გარემოზე; დაზიანებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (სოფლის გზები, სკოლები, წყლის სისტემა); კომუნალური ნარჩენების გატანის პრობლემა და სხვ. ადგილობრივებმა ასევე ისაუბრეს მათი სოფლების ტურისტულ პოტენციალზე და ამ დარგის განვითარების საჭიროებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმსჯელეს, თუ რა ტიპის დახმარების გაწევა შეუძლიათ და მოსახლეობასთან ერთად კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრების შემდგომ საქმიანობას EWMI ACCESS-ი უწევს კოორდინირებას.

რეგიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში მსგავს შეხვედრებს EWMI ACCESS-ი წელიწადში რამდენჯერმე აწყობს. შეხვედრებზე მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა  არასამთავრობო ორგანიზაციებს პირადად გააცნონ თავიანთი პრობლემები და პრიორიტეტები, და მიიღონ ინფორმაცია, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლიათ მათთვის ამ ორგანიზაციებს.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<