გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG), USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მხარესთან (ბიზნესი, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი და მედია) კორპორაციული პასუხისმგებლობის, მდგრადი განვითარების მიზნების და პასუხისმგებლიანი ბიზნესსაქმიანობის პოპულარიზაციასა და ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვაზე. ტრენინგების, ინდივიდუალური კონსულტაციებისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, GCNG თითოეულ აქტორს ამ პროცესში საკუთარი როლის გააზრებაში ეხმარება. ამასთნავე, ორგანიზაცია ხელს უწყობს თანამშრომლობას ბიზნესსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის, რათა მათი საქმიანობა უფრო მდგრადი და ეფექტიანი გახდეს. GCNG-ის ინიციატივით უკვე შედგა რამდენიმე წარმატებული თანამშრომლობა ბიზნესში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის, შშმ პირების დასაქმების და მათი უფლებების დაცვის, საგზაო უსაფრთხოების წესების დანერგვის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
2-3 ივლისს GCNG-იმ ეროვნული და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა სემინარი, სადაც მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების, ტერმინოლოგიისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესახებ. სემინარის შემდეგ, 12 ივლისს გამოცხადდა კონკურსი კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სიუჟეტისა და სტატიის გამოსავლენად.
GCNG-მ ასევე გამოაცხადა კონკურსი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოზეც, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდება. ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. GCNG-ის საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს შემდეგ ექვს ნომინაციაში გამოავლენს: ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო, მრეწველობა და ინოვაცია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები, სექტორთშორისი პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.
Leave a Reply