არაფორმალური საუბრები კახეთში საქართველოს საბჭოთა წარსულზე და ევროპულ მომავალზე
20 და 21 ივლისს ACCESS-ის ორგანიზებით კახეთის სოფლებში (ენისელი და ველისციხე) გაიმართა ღია შეხვედრები მოსახლეობასთან სლოგანით #ძალაევროპაშია. თბილისიდან სოფლებს ეწვივნენ მწერლები – ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები („მედიის განვითარების ფონდი“, „რადარამი“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი“), რომლებიც მუშაობენ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე.
შეხვედრაზე თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა გამართეს ღია და გულწრფელი საუბრები საქართველოს საბჭოთა წარსულზე და ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციის პროცესიდან საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სარგებელზე, საქართველოში ფართოდ გავრცელებულ ანტიდასავლურ განწყობებზე, ასევე რა გავლენას ახდენს ანტიდასავლური დეზინფორმაცია ხალხის ცნობიერებაზე. შევხედრები დათო ტურაშვილისა და ლაშა ბუღაძის წიგნების წარდგენით დაიწყო და გაგრძელდა დისკუსიით. ავტორებმა კონკრეტული ისტორიული ფაქტების მოშველიებით ისაუბრეს იმ დაღის შესახებ, რაც საბჭოთა კავშირმა დაასვა ქართული სახელმწიფოებრიობის და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას და რა შედეგებს ვიმკით ახლაც ამ კუთხით. დისკუსია აგრეთვე შეეხო იმას, თუ განვითარების რა გზა გაიარა ევროპამ, როგორ იცავს ევროპა თითოეული ადამიანის ღირსებას და უფლებებს, თითოეული ერის თვითმყოფადობას და კულტურას, როგორ აერთიანებს ევროპა განსხვავებულ ერებს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების იდეალების საფუძლელზე. საინტერესო და ცოცხალი დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობას საბჭოთა წარსულის გადაფასებაში და განსხვავებული პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარა.
ამას გარდა, გამომცემლობამ „რადარამი“ წარადგინა ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტერ პომერანცევის წიგნის „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ ქართული თარგმანი. წიგნში აღწერილია, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე. წიგნში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ იზიდავენ რუსული ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები მაყურებელს და შემდეგ როგორ იყენებენ ამ არხებს პროპაგანდისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად. ამავე თემაზე „მედიის განვითრების ფონდის“ წარმომადგენელმა, თამარ კინწურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კონკრეტული მოგალითები, თუ როგორ ვრცელდება ქართულ მედიაში ანტიდასავლური დეზინფორმაცია. მან ადგილობრივ მოსახლეობას ასევე დაურიგა მედიაწიგნიერების გზამკვლევი, სადაც აღწერილია ინფორმაციის გადამოწმების ხერხები. ამ ხერხების გამოყენებით, მოსახლეობა შეძლებს განასხვაოს ყალბი და ნამვდილი ინფორმაცია.
„კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლიკა ბასილაიმ მოსახლეობას გააცნო, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ქართველ ფერმერებს და მეწარმეებს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, კონკრეტულად რა პროდუქტებზეა მოთხოვნა ევროპის ბაზარზე, ისაუბრა ქართველ წარმატებულ მეწარმეებზე, რომლებსაც გააქვთ პროდუქცია ევროპაში, ასევე მიმოიხილა ის მიზეზები, თუ რატომაა ევროპული ბაზარი უფრო ძლიერი და სტაბილური სხვა ბაზრებთან შედარებით.
შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. მონაწილეებს დაურიგდათ წიგნები და სხვადასხვა საინფორმაციო მასალა.
Leave a Reply