სამოქალაქო აქტორების გაძლიერება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირებისთვის

Back to homepage

პროგრამა ახალ სამოქალაქო მოძრაობებსა და ლიდერებს საჭიროებებზე მორგებულ განვითარების შესაძლებლობებს და დაფინანსების მოქნილ სისტემას შესთავაზებს.

პროგრამის დასაწყისში ჩატარდება სამოქალაქო აქტივიზმის კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდებიან განვითარების სურვილის და პოტენციალის მქონე ახალი სამოქალაქო აქტორები. ამასთანავე, შეფასდება მათი გამოცდილება და გამოიკვეთება საერთო მიზნები და პრიორიტეტები.

ამ და სხვა კვლევების საფუძველზე დაიგეგმება პროგრამის ტრენინგებისა და კონსულტაციების (ე. წ. მენტორინგის) მიმართულება. ახალ სამოქალაქო აქტორებსა და არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაციები ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მოქალაქეთა მობილიზება და ჩართულობა, მოხალისეების მოზიდვა, ადვოკატირების კამპანიების განხორციელება და სხვა. პროგრამა იზრუნებს აგრეთვე სამოქალაქო აქტივისტების პიროვნული უნარების განვითარებაზე და მათ მუშაობით გამოწვეულ სტრესსა და გადაწვასთან გამკლავებაში დაეხმარება.

საგრანტო პროგრამები საზოგადოებრივ ჯგუფებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს სხვადასხვა ინიციატივის განხორიცელების საშალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული საგრანტო პროცედურები პროექტების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პირველი დაფინანსების მიღების შემდეგ წარმატებული პროექტები დამატებით დაფინანსებას მოიპოვებენ.

დაფინანსება გაიცემა სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, კერძოდ:

  • ინოვაციური მიდგომებისა და გადაწყვეტილებების საგრანტო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია როგორც არაფორმალური საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ისე მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. დაფინანსებული პროექტები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ მოქალაქეთა მობილიზებასა და ჩართულობას უნდა ემსახურებოდეს. ხუთი წლის განმავლობაში სულ გაიცემა 80 გრანტი, თითოეული − 10 000 −30 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
  • სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის მხარდაჭერის გრანტები, რომლებიც განკუთვნილია სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. პროგრამის მიზანია საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ სფეროებში (ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, განათლება და დასაქმება) ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა. სულ გაიცემა 11 გრანტი. თითოეულის ოდენობა 85 000 აშშ დოლარამდეა.
  • სწრაფი რეაგირების გრანტები, რომელთა მიზანია მნიშვნელოვან ან/და მოულოდნელად წარმოშობილ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე დროული რეაგირება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მეშვეობით. ყოველწლიურად გაიცემა არაუმეტეს 6 გრანტისა, თითოეული − 5 000−15 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
  • თანამონაწილეობითი გრანტები, რომლებიც მხარს დაუჭერს სამოქალაქო აქტივისტებს ადგილობრივი თემისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებაში და მოქალაქეებისგან დამატებითი რესურსების მობილიზებაში. ყოველწლიურად გაიცემა 30-მდე გრანტი.

საგრანტო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში პროგრამა „თანაშექმნის“ სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს:

  • სოციალური ლაბორატორიები (Social Labs) − საგრანტო პროექტების დაგეგმვის ეტაპზე გაიმართება დისკუსიები პროექტით გადასაჭრელი პრობლემისა და აქტივობების უკეთ გააზრების, აგრეთვე რეალისტური სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით. ამ დისკუსიებში მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მიიღებს.
  • ე. წ. დიზაინსპრინტები (Design Sprints) − ისინი სამოქალაქო სუბიექტებს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების დაგეგმვაში, მათ შორის, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასა და კომუნიკაციის გეგმების შემუშავებაში დაეხმარება.
  • საკომუნიკაციო ცენტრები (Communication Hubs)ციფრული მედიის, პიარისა და კომუნიკაციის სპეციალისტები სამოქალაქო აქტივისტებსა და ორგანიზაციებს ძირითადი იდეების ჩამოყალიბებასა და საკომუნიკაციო საშუალებების დახვეწაში დაეხმარებიან.
  • მოქალაქეთა კრებები (Citizens Assemblies) − გაიმართება ფართო საზოგადოებრივი დებატები საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

პროგრამა გრანტის მიმღებებსა და სხვა დაინტერესებულ სამოქალაქო სუბიექტებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობებს შესთავაზებს.

პროგრამა ასევე მხარს დაუჭერს მოქალაქეთა ჩართულობის ციფრულ პლატფორმებს, რათა გამარტივდეს მოქალაქეებისგან უკუკავშირის მიღება და მხარდამჭერთა მობილიზება.

Write a Comment

Leave a Reply

<