ჰესების მშენებლობა სვანეთში და მისი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე – კვლევის პრეზენტაცია

ჰესების მშენებლობა სვანეთში და მისი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე – კვლევის პრეზენტაცია

18 ივლისს, EWMI ACCESS-ის პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) კვლევის “ჰესების მშენებლობა სვანეთში და მისი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე” პირველადი შედეგები წარადგინა. კვლევაში, ნენსკა ჰესისა და ხუდონ ჰესის მაგალითზე, მიმოხილულია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დოკუმენტები  და ამ მხრივ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები. კვლევაში ასევე დეტალურადაა აღწერილი, თუ რა გავლენას ახდენს დიდი ჰესების მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საკუთრებისა და საჯარო სივრცით სარგებლობის უფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, შრომით უფლებებზე და სხვ.

კვლეის ძირითადი მიგნებები:

  • ჰესების მშენებლობის პროცესი დაუგეგმავად, ენერგეტიკის სტრატეგიის და სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს  გარეშე მიმდინარეობს.
  • ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და ინვესტორებთან ხელშეკრულებების დადების პროცესი გამჭვირვალე არ არის და მასში დაინტერესებულ საზოგადოებას ჩართვის საშუალება არ აქვს. ასევე, არ არის გამჭვირვალე ის კრიტერიუმები, რითიც სახელმწიფო ინვესტორებს ხანგრძლივი პერიოდით ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას სთავაზობს, ბუნდოვანია ტარიფების განსაზღვრის კრიტერიუმებიც.
  • კონკრეტული კომპანიები სხვადასხვა სახის პრივილეგიით სარგებლობენ. მაგ: ნენსკრა ჰესის შემთხვევაში ასეთ პრივილეგიებად შეგვიძლია მოვიაზროთ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფოს მიერ რისკების დაზღვევა და ა.შ.
  • არ არსებობს მკაცრი კრიტერიუმები ინვესტორების შერჩევის პროცესში. ხელისუფლების მიერ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად შეფასებული ხუდონ ჰესის ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედია“, რომლის მეწილეების, გამოცდილებისა თუ სხვა სახის დეტალებზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.
  • მთავრობა არ იცავს ერთიან მიდგომას და სტანდარტებს ჰესების მშენებელობაზე  საკონტრაქტო პირობების მომზადების პროცესში.  მაგ: ნენსკრა ჰესის პროექტი 2019 წელს შეიცვალა/განახლდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრომ ჰესის განახლებული პროექტზე ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან ინვესტორი გაათავისუფლა.

კვლევის ფარგლებში EMC-იმ ასევე შეისწავლა ჰესების პროექტის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლებასა და საჯარო რესურსებზე ხელმისაწვდომობაზე. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სახელმწიფო არ აღიარებს სვანეთში არსებული ტრადიციული/სათემო საკუთრების ფორმას, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებს მიწებს. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს განვითარების პროექტების საფუძველზე მოსახლეობის განსახლების და მათთვის კომპენსაციების გაცემის მარეგულირებელი სათანადო კანონმდებლობის არარსებობა, რაც მსგავსი პროექტების შემთხვევაში მოსახლეობას მხოლოდ კომპანიის კეთილსინდისიერების ან პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის იმედად ტოვებს. შესაბამისად, EMC-ის რეკომენდაციაა მთავრობამ აღიაროს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული, სათემო საკუთრება და მოამზადოს განვითარების პროექტების ფარგლებში განსახლების მომწესრიგებელი კანონები.

კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა ჰესებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.  ხელშეკრულებების დიდ ნაწილს კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად საზოგადოებას აღნიშნულ დოკუმენტებზე წვდომა და საჯარო კონტროლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ამ ხელშეკრულებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისთვის მხოლოდ ფრაგმენტულად აღწევს. EMC-ის რეკომენდაციაა, რომ ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პროექტებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად ნენსკრა და ხუდონ ჰესია, მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი სახელმწიფოსთან დადებული ყველა შეთანხმების გამჭირვალობა და მათ შორის ამ დოკუმენტების პროაქტიული გამოქვეყნება.

კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტების მიმართ სხვადასხვა სახის სავარაუდო ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ებიდან რამდენიმე პირი გათავისუფლდა სავარაუდოდ მათ მიერ ჰესების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის გამო. EMC მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ აღიკვეთოს ყველა მსგავსი ინდივიდუალური თუ სისტემური ზეწოლის ეპიზოდები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლება ღიად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად EMC  შესაბამისი რეკომენდაციებით  საჯარო უწყებებს მიმართავს.

2019 წლის იანვრიდან, EMC და „მწვანე ალტერნატივა“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებენ პორექტს, რომლის მიზანია ზემო სვანეთის მოსახლეობის ინტერესების დაცვა დიდი ჰესების მშენებლობების პროცესში.

2019 წლის მარტში, EMC-იმ და „მწვანე ალტერნატივამ“, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, ნენსკრა ჰესის პროექტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. დავა შეეხება სვანეთში, სოფ. ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიებზე დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს. წარდგენილი სარჩელით, EMC-ი და მწვანე ალტერნატივა მოითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნენსკრა ჰესის განახლებული პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<