Photo Gallery
ღია საუბრები აჭარლებთან: არასამთავრობო ორგანიზაციების სტუმრობა ზემო აჭარის სოფლებში
საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები ნაკლებად ცნობილი და აქტუალურია ცენტრალურ დონეზე (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორში). არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, ACCESS-ის პროექტის წარმომადგენლები და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები (სამოქალაქო განვითარების სააგენტო ( CiDA), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო) 7 და 8 ივლისს ზემო აჭარის სოფლებს ესტუმრენ და მოსახლეობასთან ღია საუბრები გამართეს. შეხვედრები ჩატარდა არაფორმალურ გარემოში (მოქალაქეების ეზოებში), რამაც ხელი შეუწყო ღია დისკუსიებს იმ საკითებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს და მათ კეთილდღეობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის დახმარება ამ პრობლემების მოგვარებაში.
ხუთ სოფელში (ოქრუაშვილები, ჩანჩხალო, ნიგაზეული, ვაიო, მერისი) გამართულ შეხვედრებზე ძირითადად შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: სასოფლო-სამეურნეო მიწების დარეგისტრირება; სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია; წყლის და გზების პრობლემა; ჰესის მშენებლობის შედეგად ბუნებაზე და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი; ჰესის სამშენებლო კომპანიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა; დაავადებული ტყეები და სხვ.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა და სხვა რეგიონებშიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს. CiDA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით: “ თბილისში ყოფნა და მოსახლეობასთან მხოლოდ საკონფერენციო დარბაზებიდან და ტელეარხებიდან საუბარი არ არის საკმარისი. კომუნიკაცია უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენ უნდა შევხდეთ მოსახლეობას სოფლებში და მეტი ინფრმაცია მივიღოთ მათი საჭიროებების შესახებ; ამ საჭიროებების მიხედვით უნდა დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. მხოლოდ ასეთი ფორმით შევძლებთ მოსახლეობის ინტერესების ეფექტიანად დაცვას“ .
შეხვედრების შემდეგ ACCESS-ის პროექტის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენლებმა საერთო წერილი გაუგზავნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, სადაც აღწერილი იყო ზემო აჭარის მოსახლეობის პრობლემები. წერილები ასევე გაეგზავნა სხვა შესაბამის ცენტრალურ და რაიონულ სამთავრობო უწყებებს. წერილში ასევე ჩამოთვლილი იყო პრობლემების მოსაგვარებლად გასატარებელი საჭირო ზომები, კერძოდ: ადგილობრივ მოსახლეობასა და ჰესის სამშენებლო კომპანიას შორის კომუნიკაციის გააქტიურება და მოსახლეობისთვის დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; სოფელ ჩანჩხალოსა და ვაიოში წყლის პრობლემის მოგვარება; სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ტყეში გავრეცელებული ხეების დაავადების შეჩერება.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წერილის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრაზე მიიწვიეს და მოსახლეობის პრობლემები დეტალურად განიხილეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ჰესის სამშენებლო სამუშაოების სპეციალური, არაგეგმიური შემოწმება გადაწყვიტეს, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ სამშენებლო კომპანია ნამდვილად ასრულებდა მასზე დაკისრებულ გარემოსდაცვით ვალდებულებებს. მონიტორინგის შედეგები დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემა. სამინისტრის წარმომადგენლებმა ასევე აღიარეს ხეების დაავადების პრობლემა და პირობა დადეს, რომ აჭარის მთავრობასთან ერთდ აქტიურად იმუშავებენ იმ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც ტყეების მოვლას და დაავადების დროულ შეჩერებას აფერხებს.
ცალკე წერილი ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს გაეგზავნა, რომლის საპასუხოდაც გამგებელმა პირობა დადო, რომ 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტიდან გამოყოფდა თანხას, რომელიც მოხმარდებოდა სოფელ ვაიოში ორი ერთეული, ხოლო სოფელ ინაშარიძეებში ერთი ერთეული წყლის ჭაბურღილის მოწყობას. გამგებლის თქმით, ახლა შესაბამისი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობენ.
EWMI ACCESS-ი და პარტნიორი ორგანიზაციები აჭარის მოსახლეობის ინტერესების ადოკატირებას და მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს გააგრძელებენ. ასევე, აჭარის მოსახლეობას რეგულარულად მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე.