მთის სათემო ფორუმი

მთის სათემო ფორუმი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი ინტერესების დაცვის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს იკვლევს და მათ გადაჭრაზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ აქტივისტებმა სათემო ორგანიზაციებიც დაარსეს და სათემო პროექტების ერთობლივად დაგეგმვა და განხორციელება დაიწყეს. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ მათ ამ პროცესში აქტიურად ეხმარება.

26-27 ოქტომბერს, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ორგანიზებით, ილტოს ხეობაში (ახმეტა) მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა. მას მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პირველ დღეს სათემო ორგანიზაციებმა და აქტივისტებებმა თუშეთიდან, პანკისიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, მთიულეთ-გუდამაყრიდან, თრიალეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და სვანეთიდან ერთმანეთს ადგილობრივ თემებთან და მთავრობასთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს, რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთეს და პრობლემების გადასაწყვეტად ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

მეორე დღეს მოწვეულმა სტუმრებმა მათ სათემო ინიციატივების დაფინანსების მუნიციპალურ შესაძლებლობებზე, სახელმწიფო საგრანტო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და დონორი ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებსა და კონკურსებზე მიაწოდეს ინფორმაცია. პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოში იაპონიის საელჩოს და „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, მთავრობის წარმომადგენლებმა, კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამსწრეებს წარუდგინა საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია. მან ასევე ისაუბრა მთაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კი, ფორუმის მონაწილეებთან ერთად, დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელა.

ფორუმის დასკვნით ნაწილში მთის სათემო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს რეგიონების მიხედვით გამოკვეთილი მნიშვნელოვანი პრობლემები გააცნეს და მთავრობასთან სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზეც შეთანხმდნენ.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და მედიაპორტალი „მთის ამბები“ სათემო ორგანიზაციებს და აქტივისტებს მთავრობასთან ურთიერთობაში დაეხმარებიან და 2019-2023 წლების მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მოქალაქეების ჩართულობას შეუწყობენ ხელს. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ სათემო ორგანიზაციებს ასევე პროექტების წერაში და დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება. ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ ამ პროცესებს აქტიურად გააშუქებს.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<