COVID 19 პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება

COVID 19 პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაციამ – „განათლება ყველასათვის – საქართველო“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგის შესაფასებლად სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები ივლისში გამოქვეყნდა.

სასწავლო დანაკარგი გულისხმობს ცოდნისა და უნარების სპეციფიკურ დანაკარგს ან აკადემიური უნარების შეფერხებას, რაც, ძირითადად, სასწავლო პროცესის შეწყვეტა-შეფერხებით ან/და უთანასწორობის გაღრმავებით არის განპირობებული. ის მოიცავს აკადემიურ დანაკარგს (სასკოლო საგნების ათვისების შეფერხება), სოციალურ დანაკარგს (იზოლაციით, მასწავლებლებთან და თანატოლებთან ურთიერთობების შეზღუდვით გამოწვეული სოციალური განვითარების შეფერხება) და ფსიქო-ემოციურ დანაკარგს (სტაბილურობისა და რუტინის დარღვევით გამოწვეული სტრესი).

პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ მოსწავლეების მოსწრება-შედეგების შედარება (ე.წ. პირდაპირი გაზომვის მეთოდი) ვერ მოხერხდა, ვინაიდან საქართველოში მოსწავლეებში ასეთი პოპულაციური კვლევები არ ტარდება, ამიტომ კვლევის ავტორებმა UNESCO-ს მოდიფიცირებული მეთოდოლოგია გამოიყენეს და აქცენტი სასწავლო დანაკარგის მოცულობაზე და ამ დანაკარგის სხვადასხვა ჯგუფში უთანასწოროდ განაწილებაზე გააკეთეს.

კვლევამ ცხადყო, რომ 2020 წლის მარტში მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის სამი კვირით შეწყვეტამ და შემდეგ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ მოსწავლეებზე უარყოფითად იმოქმედა როგორც სასკოლო საგნების ათვისების, ისე გამჭოლი კომპეტენციების განვითარების კუთხით. სასწავლო დანაკარგი ყველა საგანში და სწავლების ყველა საფეხურზე დაფიქსირდა, თუმცა ის განსაკუთრებით მაღალი მათემატიკაში და დაწყებით საფეხურზე წიგნიერების უნარის განვითარებაში იყო.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დისტანციური სწავლების დაწყების შემდეგ მოსწავლეთა მოტივაცია ნელ-ნელა დაქვეითდა და ეს პრობლემა პირისპირ სასწავლო პროცესის აღდგენის მერეც შენარჩუნდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არ იყვნენ ჩართულები, შემცირდა მათი  თვითეფექტურობაც (მათ მიერ სასწავლო პროცესის ორგანიზება) – განსაკუთრებით დაწყებით და საბაზო საფეხურზე.

კვლევაში მკაფიოდ გამოჩნდა სკოლების დაბალი მზაობა და შესაძლებლობები დისტანციურ სასწავლო პროცესში ხარისხის კონტროლის, კრიტიკული საგნებისა თუ კლასების გამოვლენის და მოსწავლეებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შეთავაზების კუთხით. მასწავლებლებს უჭირდათ სასწავლო თემების პრიორიტეტიზაცია, მოსწავლეების შეფასება (განსაკუთრებით – განმავითარებელი შეფასება) და სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების ინტეგრირება. მართალია, პანდემიის დროს მასწავლებლების ციფრული კომპეტენციები შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა დისტანციური პედაგოგიკა დაბალ დონეზე დარჩა.

პანდემიამ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა. მოწყვლადი ჯგუფები –დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სპეციალური საჭიროებების მქონე (სსმ) ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ეთნიკური უმცირესობების ენაზე დამხმარე სასწავლო რესურსები და დისტანციური სწავლების ონლაინპლატფორმა დაგვიანებით შეიქმნა. სსმ მოსწავლეებში გამწვავდა იზოლაციისაგან გამოწვეული ემოციური სტრესი, რამაც კიდევ უფრო გაართულა მათი (რე)ინტეგრაცია. სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო არ ჰქონდათ — დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან მოსწავლეების მხოლოდ 52%-ს მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზე. მათი მშობლები ვერ ახერხებდნენ სწავლის პროცესში შვილების მხარდაჭერას.

ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა მოსწავლეთა 12%-ს, კომპიუტერული მოწყობილობა არ ჰქონდა 14%-ს. ქალაქსა და სოფელს შორის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით სხვაობა 20% იყო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ განათლების სისტემაში სხვადასხვა დონეზე მომუშავე ადამიანებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის აღქმა და მისი სიმწვავის გააზრება.

კვლევის ანგარიში სრულდება რეკომენდაციებით, რომლებიც განათლების სამინისტროსთვის, სკოლებისთვის და პროფესიული კავშირებისთვისაა განკუთვნილი და საქართველოში არსებულ რეალობასა და სხვა ქვეყნების (მაგ.  მოლდოვა, ლატვია, აშშ) გამოცდილებას ეყრდნობა.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<