EWMI ACCESS-ის გრანტიორებმა სოციალურ მედიაში ამომრჩეველზე მანიპულირების მცდელობები გამოავლინეს
EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს ახორციელებენ. მონიტორინგის მიზანია ამომრჩეველზე მანიპულირების და საარჩევნო პორცესებში გარე ძალების ჩარევის მცდელობების გამოვლენა და აღკვეთა.
აგვისტოში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში სხვადასხვა გვერდი და მომხმარებელი არაავთენტურ, კოორდინირებულ ქცევაში ამხილა. ანგარიშში მხილებულია Facebook-ის 34 გვერდი (ჯამში 523,189 მიმდევარით), რომლებიც დაკავშირებულები არიან პრორუსულ და ულტრამემარჯვენე საინფორმაციო პორტალთან „ალტ-ინფო“. ანტილიბერალური, ნაციონალისტური და ღიად ანტიდასავლური მესიჯებითა და ნარატივებით ეს გვერდები საზოგადოებაში აგრესიისა და ანტაგონიზმის გაღვივებას ცდილობდნენ. მეორე ანგარიშში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი ქსელი და მასშტაბური კამპანიაა გამოვლენილი. საგულისხმოა, რომ ეს ქსელი „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ პოზიტიურ კამპანიასთან ერთად, მკვეთრად დისკრედიტაციულ კამპანიას ეწევა როგორც მმართველი პარტიის, ისე, განსაკუთრებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ISFED-მა ამ გვერდების ჩამონათვალი Facebook-ს წარუდგინა და მათი გაუქმება მოსთხოვა.
წინასაარჩევნოდ ISFED-მა ასევე დაიწყო იმ გზავნილების მიმოხლვა, რომელსაც მოქმედი Facebook გვერდები სხვადასხვა სუბიექტისა თუ ჯგუფის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით ყველაზე ხშირად ავრცელებენ. ამ და სხვა კატეგორიის გვერდების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია http://disinfoobserver.ge-ზე.
ISFED-ის პარალელურად, „ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალური კვლევის ლაბორატორიამ“ (DFRLab) ათი ყველაზე პოპულარული ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფის Facebook გვერდები შეისწავლა (ჯამში 21 740 პოსტი). კვლევის მიზანი იყო რუსეთის მიმართ ამ ჯგუფების დამოკიდებულების დადგენა, ვინაიდან, კვლევების თანახმად, არსებობს რისკი, რომ ეს ჯგუფები კრემლმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს.
ანგარიში, რომელიც DFRLab-მა 18 აგვისტოს გამოაქვეყნა, გვიჩვენებს, რომ ამ ჯგუფებს რუსეთის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვთ და მათი პოზიცია ღია მხარდაჭერიდან აქტიურ წინააღმდეგობამდე მერყეობს – პოსტების დაახლოებით 60%-ში რუსეთი უარყოფითად არის მოხსენიებული. ეს ჯგუფები აქტიურად იყენებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ნაციონალისტური განწყობების გასაღვივებლად. თუმცა ისინი, როგორც რუსეთი, ეწინააღმდეგებიან ლიბერალიზმს და მხარს უჭერენ “ტრადიციულ ღირებულებებს”, აკრიტიკებენ პროგრესულ რეფორმებს და დისკრედიტაციას უწევენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს. იმის გასარკვევად, ეს ჯგუფები გულწრფელად აკრიტიკებენ რუსეთს, თუ მოსახლეობაში არსებულ ანტირუსულ განწყობებს საკუთარი აუდიტორიის გასაზრდელად იყენებენ, დამატებითი ანალიზია საჭირო.
Leave a Reply