ადვოკატირება თბილისის ურბანული პრობლემების გადასაჭრელად

ადვოკატირება თბილისის ურბანული პრობლემების გადასაჭრელად

გამჭვირვალე და ეფექტური ურბანული მმართველობის ხელშეწყობა EWMI ACCESS-ის საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. EWMI ACCESS-ი მხარს უჭერს თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ურბანული პრობლემებისა და გამოწვევების სიღრმისეულ კვლევასა და ანალიზს, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ადვოკატირების კამპანიებს.

ამ მიზნით, თებერვალში, EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა – თბილისის არქიტექტურის ბიენალემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) თბილისის ურბანულ საკითხებზე მრავალფეროვანი ღონისძიებები გამართეს. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პირველი დისკუსია სოლოლაკის სწრაფი კომერციალიზაციის (ჯენტრიფიკაციის) პროცესს დაეთმო. ამ პრობლემის მასშტაბისა და სიმწვავის უკეთ გადმოსაცემად  დოკუმენტური ფილმი მომზადდა, სადაც აღწერილია, თუ რა გავლენას ახდენს ინტენსიური კომერციალიზაცია უბნის ურბანულ ქსოვილზე და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე. შეხვედრა ამ ფილმის ჩვენებით დაიწყო და სოლოლაკის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობით გაგრძელდა. მეორე დისკუსიის მთავარი თემა თბილისის სივრცითი მობილობის გამოწვევები იყო. ამ საკითხზე თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციამ ურბანულმა ლაბორატორიამ სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, სადაც შესწავლილია თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა (საზოგადოებრივი და საავტომობილო ტრანსპორტი), საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, ატმოსფეროს დაბინძურება და სხვა საკითხები, მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილება და მოცემულია რეკომენდაციები. აღნიშნული კვლევა ავტორებმა საჯარო შეხვედრაზე წარადგინეს, რომელსაც მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. კიდევ ერთი შეხვედრა მდინარე ვერეს მაგალითზე თბილისის მდინარეთა აუზში სტიქიური მოვლენების რისკებსა და მათი პრევენციის პრაქტიკის ანალიზს დაეთმო. 2015 წლის ივნისში ძლიერი წვიმის და მეწყერის გამო მდინარე ვერე ადიდდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. ამჟამად, ვერეს ხეობაში ახალი მშენებლობები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტერიტორია კვლავ დაუცველია სტიქიური მოვლენების მიმართ. თბილისის არქიტექტურის ბიენალემ ვერეს ხეობაში წყალდიდობის შემდგომი პროცესები შეისწავლა და კვლევის ანგარიში ექსპერტებს, ადგილობირივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს წარუდგინა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ეკოლოგიურ საფრთხეებზე და შესაბამისი რეგულირების საჭიროებებზე, როგორც მდინარე ვერეს, ასევე  თბილისის სხვა მდინარეების ხეობებში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და თბილისის ჰამქარმა კულტურული მემკვიდერობის დაცვის საკითხებზე ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო კვირეული ჩაატარეს. კვირეული მოიცავდა სემინარებს კულტურული მემკვირდეობის კანონმდებლობაზე, კულტურული ძეგლების დაცვისა და რეაბილიტაციის სტანდარტებზე და ამ კუთხით საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე. კვირეულის ბოლოს მოეწყო გასვლითი ტური გუდიაშვილის მოედანზე, სადაც ჟურნალისტებმა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ამ მხრივ პრაქტიკული ცოდნაც მიიღეს.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<