ამაყი ოჯახები

ამაყი ოჯახები

საქართველოში მცხოვრები ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების ოჯახების გაძლიერების მიზნით, „თბილისი პრაიდი“ EWMI ACCESS-ის დახმარებით აგრძელებს წარმატებულ პროექტს – „ამაყი ოჯახები“.

საქართველოში ქვიარ ადამიანები საზოგადოების მხრიდან ხშირად განიცდიან უარყოფასა და ჩაგვრას. ასეთ დროს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების სიყვარული და თანადგომა, მაგრამ  სტიგმისა და სოციალური წნეხის გამო, ოჯახის წევრებსაც უჭირთ მათი გაგება და დაცვა.

„ამაყი ოჯახების“ ინიციატივა „თბილისი პრაიდმა“ 2020 წელს წამოიწყო და მიზნად ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება დაისახა. შეიქმნა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრების ქსელი, რომელსაც ჩაუტარდა  საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიები, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები. ქსელის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს რამდენიმედღიან გასვლით შეხვედრაში, სადაც ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ფსიქოლოგისაგან რჩევები მიიღეს.

განახლებული პროექტის ფარგლებში, 21-23 მაისს მორიგი გასვლითი შეხვედრა ჩატარდა, სადაც „ამაყი ოჯახების“ უკვე არსებულ ჯგუფს ახალი წევრები შეემატა. თავდაპირველად ჯგუფში ის ადამიანები გაერთიანდნენ, ვინც მათი ოჯახის ქვიარ წევრები ღიად მიიღეს. ნელ-ნელა ჯგუფს ისინიც შეუერთდნენ, ვისი ოჯახის წევრებიც ე.წ. ქამინგაუთის რთულ პროცესს ახლა გადიოდნენ ან/და მიმღებლობის პრობლემა ჰქონდათ.

„ეს პროექტი ეხმარება თითოეულ ადამიანს, გახდეს უკეთესი ოჯახის წევრი თავიანთი ქვიარ ოჯახის წევრისთვის“, – ამბობს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი თამაზ სოზაშვილი. მისი თქმით, სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ლგბტ ახალგაზრდებში, რომლებსაც ოჯახის მხარდაჭერა აქვთ, ბევრად მაღალია ბედნიერებისა და კეთილდღეობის მაჩვენებელი და ბევრად დაბალია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის  პრობლემები. ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში მინიმუმ სამჯერ დაბალია სუიციდური აზრები, ასევე აივ-ინფექციასთან დაკავშირებული რისკები და მავნე ნივთიერებების მოხმარება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<