2006 წლიდან საქართველოში შრომით პირობებზე და შრომით უფლებებზე ზედამხედველობის შესუსტდა – გაუქმდა შრომის ინსპექცია. ადამიანის ძირითადი უფლებების და შრომის პირობების უსაფრთხოების დარღვევების გამო საქართველოში არსებული შრომის პოლიტიკა ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. 2007-2014 წლებში სამუშაო ადგილზე 314 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 552-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ეს ინციდენტები ძირითადად მძიმე ინდუსტრიულ ზონებში მოხდა.
2013 წელს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მშრომელთა უფლებების დაცვის მეტი სამართლებრივი გარანტია შეიქმნა, თუმცა მათი განხორციელების მექანიზმები ჯერ არ დანერგილა. ამასთან, 2015 წლის თებერვალში ხელისუფლებამ შრომის ინსპექციის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, ხოლო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე დაფუძნდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, თუმცა შეზღუდული მანდატით: დეპარტამენტს ინსპექციის წარმოება მხოლოდ კომპანიის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია, ამას გარდა მათი რეკომენდაციები არასავალდებულო ხასიათისაა.
EWMI ACCESS-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქტიურად იბრძვის საქართველოში მძიმე ინდუსტრიულ ზონებში და სერვისის სფეროში დასაქმებულების უფლებების დასაცავად და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით EMC-ი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მონიტორინგს ახორციელებს, შეისწავლის საწარმოებში არსებულ შრომით პირობებს და მშრომელთა უფლებრივ საკითხებს, მშრომელთა უფლებებს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით იცავს და ა.შ.
აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების აქტუალიზაციის მიზნით, 2016 წლის თებერვალში EMC-ის წარმომადგენლები ტყიბულში ქვანახშირის შახტებზე დასაქმებული მუშების გაფიცვას შეუერთდნენ. 13 თებერვალს დაახლოებით 1200 მეშახტე ხელფასების გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხვნით გაიფიცა. საგაფიცვო კომიტეტმა (რომელიც ძირითადად გაფიცული მეშახტეებისგან შედგებოდა) EMC-ის დახმარება ითხოვა იურიდიული და სტრატეგიული კონსულტაციების კუთხით. EMC-იმ თბილისიდან ახალგაზრდული ჯგუფების 20-მდე წევრი და მედიის მობილიზაცია მოახდინა და შეუერთდა გაფიცვას.
გაფიცვის პერიოდში EMC-ის წარმომადგენლები გაფიცულებს იურიდიულ და სტრატეგიულ რჩევებს აძლევდნენ და ცდილობდნენ, რომ არსებული პროტესტი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ფარგლებიდან არ გასულიყო. EMC-ი ასევე დაეხმარა გაფიცულებს წერილობით განცხადების მომზადებაში და ჩაერთო სამმხრივ მოლაპარაკებებში, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების, პროფკავშირების და გაფიცულების წარმომადგენლები.
EMC-ის წამომადგენლები დაუკავშირდნენ მაჟორიტარ დეპუტატებს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, რომლებმაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნებს. პრეზიდენტის მრჩეველი პირადად ეწვია ტყიბულს და სახალხოდ განაცხადა უფრო ეფექტიანი და ძლიერი შრომის ინსპექციის მექანიზმის აუცილებლობაზე. სახალხო დამცველის წამრომადგენლები ასევე პირადად ჩაერთნენ მოლაპარაკებების პროცესში.
EMC-იმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაფიცვის პერიოდში მედიასთან ურთიერთობის კუთხით – ორგანიზაციის ვებგვერდზე უწყვეტ რეჟიმში იდებოდა ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები გაფიცვის ადგილიდან. ამ მასალას შემდეგ ცენტრალური მედიასაშუალებები იყენებდნენ. EMC-ი ასევე აქტიურად მონაწილეობდა წამყვანი ტელევიზიების თოქ-შოუებში და საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც მთავრობის წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან ერთად არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდა.
EMC-ი გაფიცულების საკმაოდ მაღალი ნდობით სარგებლობს. ამ ნდობისა და EMC-ის გუნდის პროფესიონალიზმის დამსახურებით გაფიცვა არ გადაზრდილა ძალადობაში. გაფიცვის შემდეგ EMC-იმ დეტალურად შეისწავლა განახლებული შრომითი ხელშეკრულებები და დაარწმუნა მუშები, რომ ხელი არ მოეწერათ, ვინაიდან ეს ხელშეკრულებები მეტწილად უგულებელყოფდა გაფიცვის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებას. „მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე გუშინ დილით გამაღვიძა და მითხრა რომ ეს ხელშეკრულებები რიგდებოდა; იმ ადამიანებს, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში იბრძოდა და არწმუნებდა თითოეულ მეშახტეს ხელი არ მოეწერა იმ ხელშეკრულებაზე; მმადლობა ლინა ღვინიანიძეს (EMC-ის წარმომადგენელი), მადლობა პროფკავშირებს, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვიც დგას ღირსების და სიმართლის სადარაჯოზე“ – ამბობს ერთ-ერთი მეშახტე, გაფიცვის კომიტეტის წევრი. განახლებული შრომითი ხელშეკრულებები ამჟამად ხელახალი განხილვის პროცესშია.
ACCESS-ის პროექტი განაგრძობს EMC-ის მხარდაჭერას და იმედს გამოთქვამს, რომ მშრომელთა უფლებების დაცვის და შრომის პირობების უსაფრთხოების გაზრდის კუთხით უახლოეს მომავალში ქმედითი პოლიტიკური მექანიზმები შეიქმნება.
Leave a Reply