Dopomoga Ukraini – პლატფორმა, რომელიც უკრაინელებს დახმარების მიღებას უიოლებს

Dopomoga Ukraini – პლატფორმა, რომელიც უკრაინელებს დახმარების მიღებას უიოლებს

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის სამი თვე გავიდა. თბილისში ქუჩაში გასეირნებისას ბევრი რამ შეგახსენებთ მიმდინარე ომს და საქართველოს მოსახლეობის გულმხურვალე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი. ქუჩებში ბილბორდები ცისფრად და ყვითლად ანათებს და უკრაინის დროშებიც რაოდენობით საქართველოსას არ ჩამოუვარდება. რა გასაკვირია NDI-ს დაკვეთით მარტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომლის თანახმადაც ქართველების 98% უკრაინის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

სოლიდარობის გრძნობის ვიზუალური გამოხატულების გარდა, ომის დაწყების პირველივე დღიდან დახმარების უფრო ხელშესახები ფორმებიც გამოჩნდა. კონფლიქტის დაწყებისთანავე დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება,  კერძო სექტორის  და მთავრობის  ინიციატივები  და პროგრამები საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო და კერძო სექტორი დახმარების მცდელობას არ იშურებდნენ,  კოორდინაციის ნაკლებობის და ენობრივი ბარიერის გამო საქართველოში მცხოვრებ ბევრ უკრაინელს უჭირდა ინფორმაციის მიღება მათთვის გამოყოფილი დახმარების შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქალაქეთა ჯგუფმა Dopomoga Ukraini-მ, USAID-ს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის სწრაფი რეაგირების გრანტის მხარდაჭერით, თავი მოუყარა და ფართოდ გაავრცელა ინფორმაცია  საქართველოში მყოფი უკრაინელებისათვის შეთავაზებული სერვისებისა და მხარდაჭერის შესახებ –  ვებსაიტ dopomoga.ge-ს მეშვეობით მნახველები უკრაინულ ენაზე იღებენ   შემოწმებულ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხის, მათ შორის სამედიცინო სერვისების, იურიდიული დახმარების, საცხოვრებლის, განათლების, ფსიქოლოგიური სერვისების და დასაქმების შესაძლებლობათა შესახებ.

ვებსაიტთან ერთად შეიქმნა Dopomoga Ukraini-ს ფეისბუკის გვერდი და ჯგუფი.  ანა ქებაძე, პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამბობს, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა, ვებპორტალი და სოციალური მედია ერთად აემუშავებინა ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად.  ეს მიდგომა უკრაინელებსაც აძლევს საშუალებას, თავიანთი საჭიროებების შესახებ ილაპარაკონ რეალურ დროში. „ვებსაიტი ამ პროექტის საკვანძო კომპონენტია, რადგან ის კარგადაა სტრუქტურირებული. ინფორმაცია სხვადასხვა კატეგორიებადაა დაჯგუფებული და ის ადვილი მოსაძებნია. სოციალური მედიის ჩვენი არხები კი საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტიანად დავუკავშირდეთ საქართველოში მყოფ უკრაინელებს, რეკლამის მეშვეობით გავავრცელოთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და ადამიანებს პირდაპირ ვეურთიერთოთ.“

ფეისბუკის ჯგუფში 5 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, ფეისბუკის გვერდს კი 3 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.  ამ პლატფორმის მეშვეობით ჯგუფმა 300-ზე მეტი ინიციატივის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ფეისბუკის გვერდზე ყოველ კვირას, საშუალოდ 35 პოსტი ქვეყნდება.

სწორედ სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენებით შეძლო ამ ჯგუფმა, რომ ინფორმაცია უფრო ფართო აუდიტორიამდე მიეტანა. ანა ქებაძე იხსენებს Dopomoga Ukraini-ს ფეისბუკის ჯგუფში სააღდგომოდ გამოქვეყნებულ პოსტს – ზუგდიდში მყოფი უკრაინელი დედა და მისი 5 წლის ვაჟი პასკებს აცხობდნენ და ყიდდნენ. ჯგუფის აქტიურობის შედეგად ეს პოსტი თითქმის 300-ჯერ გააზიარეს და ის 68 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. საბოლოოდ მოთხოვნა ამ პასკებზე ისეთი მაღალი იყო, რომ დედა შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა.

ანა ქებაძე ამბობს, რომ Dopomoga Ukraini  საზოგადოებას საერთო საქმის ირგვლივ აერთიანებს. უკრაინელების უკეთ დახმარების გარდა  ჯგუფმა  საქართველოს მოსახლეობასაც შესთავაზა საშუალება, ჩართულიყვნენ ინიციატივებში და  დახმარების ხელი გაეწოდებინათ. „ამ პროექტში ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა საზოგადოების და ბიზნესის წახალისება, რათა ისინი მეტად ჩაერთონ საქველმოქმედო საქმიანობაში. ამას ვცდილობთ კარგი მაგალითების გაშუქებით და საქართველოში მყოფი უკრაინელების საჭიროებების წარმოჩენით.“

მართლაც, პლატფორმის მომხმარებლების დიდი ნაწილი უკრაინელი არ არის. Dopomoga Ukraini-ს გუნდის ძალისხმევით პირდაპირი დახმარება გაუწიეს 90-ზე მეტ უკრაინელს, რომლებმაც მხარდაჭერა ითხოვეს, მაგრამ ეს პლატფორმა ასევე ქართველი მოხალისეების თავშეყრის ადგილადაც გადაიქცა. „ჯგუფმა გააერთიანა ასობით ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერ ღონისძიებებს აქ გეგმავენ.“- აღნიშნავს ანა ქებაძე.

ერთი ასეთი ღონისძიება, რომელიც ფეისბუკის ჯგუფის მეშვეობით დაიგეგმა, ენის სწავლებას შეეხებოდა. ლევან ბასიაშვილი ერთ-ერთი პირველი მოხალისე იყო, რომელმაც ამ ჯგუფში უკრაინელებს ქართული და ინგლისური ენების უფასო გაკვეთილები  შესთავაზა. მას მალე სხვა მოხალისეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ახლა 20 ზრდასრულსა და ბავშვს ასწავლიან ამ ორ ენას. სოლიდარობის უკეთ გამოსახატად ლევან ბასიაშვილმა ონლაინ ჯგუფიც შექმნა, რომელიც უკვე ქართველებს ეხმარება უკრაინული ენის სწავლაში. ეს წამოწყება, ერთი მხრივ, ამყარებს საქართველოში უკრაინელების მიმართ კეთილგანწყობას და, ამავე დროს, უკრაინული ენის 10 მასწავლებელსაც ასაქმებს.

ანა ქებაძეს იმედი აქვს, რომ Dopomoga Ukraini-ს ვებსაიტი და ფეისბუკის ჯგუფი გაუიოლებს დახმარების მიღებას უკრაინელებს, რომელთა ცხოვრებაც ომმა თავდაყირა დააყენა და ახლა მათ უცხო ქვეყანაში ყოფნასთან შეგუება უწევთ. „ჩვენი პროექტის მიზანია საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის ხელის შეწყობა, რათა აქ ყოფნისას თავი უფრო კომფორტულად, უსაფრთხოდ და  დაცულად იგრძნონ. ქართული საზოგადოებისგან უზარმაზარი მხარდაჭერა და თანადგომა წამოვიდა და ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინელებს ამ ყველაფერზე სრულად მიუწვდებოდეთ ხელი.“

Write a Comment

Leave a Reply

<