ACCESS-ის და CTC-ის ტრენინგის დახმარებით ასოციაცია „ანიკა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახალ სერვისს შესთავაზებს

ACCESS-ის და CTC-ის ტრენინგის დახმარებით ასოციაცია „ანიკა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახალ სერვისს შესთავაზებს

ირინე ინასარიძე ასოციაცია „ანიკას“ დამფუძნებელი და დირექტორია. ეს ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვების მშობლებმა 1997 წელს დააფუძნეს და მას შემდეგ შშმ ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების და პირობების შესაქმნელად იღვწის.

2016 წელს ირინემ  „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ ორგანიზებული და EWMI ACCESS-ის მიერ დაფინანსებული „არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის“ ხუთთვიანი ტრენინგკურსი გაიარა. კურსის ფარგლებში ის თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად პრაქტიკულ დავალებებსაც ასრულდებდა. ერთ-ერთი ასეთი დავალება პროექტის იდეის მოფიქრება და განაცხადის მომზადება იყო. ტრენერის დახმარებით მან განაცხადი რამდენჯერმე გადაამუშავა,  შესაბამისი ბიუჯეტი, ლოგიკური ჩარჩო  და დროში გაწერილი გეგმაც მოამზადა და კურსის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი დონორისგან დაფინანსება მოიპოვა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო CTC-ს, რომ მომეცა საშუალება და გავიარე არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასწავლო პროგრამა. ანიკამ დღეს ASB-სთან გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება პროექტზე, რომელიც სწორედ ამ სასწავლო პროგრამის ფარგლებში შევიმუშავე. ყველას წარმატებებს გისურვებთ და CTC- მიერ ახლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოგიწოდებთ, – წერს ირინე თავის Facebook გვერდზე.

ახალი პროექტის დახმარებით “ანიკა” თბილისში შშმ ბავშვთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისს დანერგავს, რაც შშმ პირებისა და მათი ოჯახების სხვადასხვა გზით მხარდაჭერას გულისხმობს.  ამისთვის “ანიკა” საქართველოზე ადაპტირებულ ასისტენტის სერვისის კონცეფციას შეიმუშავებს, შესაბამის სპეციალისტებს მოამზადებს და სერვისს საპილოტე ჯგუფს მიაწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ირინეს  პროექტების და ორგანიზაციის მართვის თითქმის ოცწლიანი გამოცდილება ჰქონდა, მისივე თქმით, სასწავლო კურსმა მას მნიშვნელოვანი ახალი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესძინა. „ტრენინგებმა საშუალება მოგვცა, ჩვენი თითქმის 20 წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სტრუქტურაში მოგვეყვანა, გაგვეანალიზებინა სუსტი და ძლიერი მხარეები, დაგველაგებინა განვითარების პრიორიტეტები… იმდენად ჩავერთე და იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის ეს კურსი, რომ ჩემი საქმიანობის გრაფიკი პროგრამის გრაფიკზე ავაგე“.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ტრენინგკურსი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მართვის ზედა რგოლის თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ქართული არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას ისახავს. ეს არის პირველი გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც პროექტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მართვის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს.

ტრენინგი ტარდება EWMI ACCESS-ი პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 2017 წლის მარტიდან ტრენინგკურსი მონაწილეთა უკვე მესამე ნაკადს უმასპინძლებს. გაზაფხულზე ასევე დაიწყება დისტანციური (ონლაინ) კურსი, რაც საშუალებას მისცემს რეგიონებში მოქმედ რასამთვრობო ორგანზიაციებს მონაწილეობა მიიღონ. დეტალური  ინფორმაცია კურსის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ACCESS-ის პროექტის ვებგვერდზე – www.ewmi-access.org

 

 

Write a Comment

Leave a Reply

<