არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების შეხვედრები გურიის სოფლებში

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების შეხვედრები გურიის სოფლებში

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 17-18 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ოზურგეთში და მიმდებარე სოფლებში (შრომა, ნატანები, ნარუჯა, ნასაკირალი, მელექედური) მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივ პრობლემებზე ისაუბრეს.

შეხვედრებზე განხილული ერთ-ერთი მთავარი თემა მიუსაფარი ცხოველები და ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის პრაქტიკა იყო. NDI-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემაა. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რასაც „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ მიერ 2021 და 2022 წლებში ჩატარებული საჭიროებების კვლევებიც ადასტურებს.

გურიის არცერთ მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ცხოველების აღწერა და მათი მასობრივი სტერილიზაცია არ ხდება, რაც მათ უკონტროლო გამრავლებას იწვევს. გურიაში ცოცხალი ძაღლების რამდენიმე საყრელი ადგილია, სადაც ისინი სიკვდილისთვის არიან განწირულები. მათ შორისაა ნასაკირალის უღელტეხილი. ადგილობრივი აქტივისტების დამსახურებით ბევრი მიუსაფარი ძაღლი გადაურჩა სიკვდილს, თუმცა, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მისი მოგვარება ცალკეული ინიციატივებით ვერ ხერხდება.

შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო უმუშევრობისა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ  საკითხებს. რეგიონში მძიმე ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საარსებო წყაროს, თხილის მასობრივმა დაზიანებამ, რისი მიზეზიც, ადგილობრივების თქმით, უხარისხო სასუქი და რთული კლიმატური პირობები იყო. შრომასა და ქვემო ნატანებში მოსახლეობამ უკიდურესი სიღარიბის და გზების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემებზე ისაუბრა. ზემო ნატანებში სკოლის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ბავშვებს ქვემო ნატანების სკოლაში უწევთ სიარული მეორე ცვლაში. ტრანსპორტის პრობლემის გამო დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფროსკლასელების გაკვეთილების დამთავრებას საღამომდე ელოდებიან, ვინაიდან სკოლის ტრანსპორტი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს. ქვემო ნატანებში ასევე დაიხურა სპორტული დარბაზი და მუსიკალური სკოლა შენობების  ავარიული მდგომარეობის გამო.

მნიშვნელოვან პრობლემებს შორის ასევე დასახელდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის არარსებობა (მაგ: არ არსებობს გამართული სატრანსპორტო კავშირი ოზურგეთსა და ბათუმს შორის), ოზურგეთის სამხედრო დასახლებაში მწვავე დაბინძურების კერა, კანალიზაციისა და წყალმომარაგების პრობლემები და მდინარეებში ქვიშა-ხრეშის მოპოვების შედეგად წყლის დაშრობისა და გარემოს დაბინძურების პრობლემები.

შეხვედრებში მონაწილე ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა ადგილზევე გაუწიეს კონსულტაციები მოქალაქეებს. შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ისინი სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობას განაგრძობენ.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ animal project-ის, „დემოკრატიის მცველების“, „მომავლის ჭიათურის“, CENN-ის, რადიო თავისუფლების, პირველი არხის, გურიის სამოქალაქო ცენტრის და პროგრესის სახლის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<