12 სამოქალაქო ინიციატივისათვის თანხების შეგროვების კამპანია დაიწყო

12 სამოქალაქო ინიციატივისათვის თანხების შეგროვების კამპანია დაიწყო

Crowdfunding-ი (სახალხო დაფინანსება) სამოქალაქო  ინიციატივების დაფინანსების ერთ-ერთი  წარმატებული მეთოდია, რომელიც საქართველოშიც იძენს პოპულარობას. 2020 წელს, მცირე სათემო ინიციატივების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ ვებგვერდი შექმნა, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები საკუთარ ინიციატივებს არეგისტრირებენ და შეფასების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, თანხის შეგროვების კამპანიებს იწყებენ.

ვებპლატფორმას მხარს უჭერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა – მას შემდეგ, რაც პროექტის ავტორები მოქალაქეებისაგან საჭირო თანხის 30%-ს შეაგროვებენ, დანარჩენ 70%-ს ისინი პროგრამის დაფინანსებს იღებენ. პროექტების ავტორებს „ორბელიანი საქართველო“  ფონდების მოძიების (ქრაუდფანდინგის) კამპანიების დაგეგმვაში და მულტიმედია მასალის მომზადებაშიც ეხმარება.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ე.წ. „matchfunding” მეთოდით – როდესაც პროექტისათვის საჭირო თანხის ნაწილი მოქალაქეებისაგან გროვდება, ხოლო ნაწილს დონორი აფინანსებს – თანხის მობილიზება უფრო რეალისტურია. ასეთი პროექტებში ბევრად მეტი ადამიანია ჩართული, შესაბამისად, ინტერესიც დიდია, რაც პროექტის წარმატებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

10 აპრილს ორბელიანი მეტის პლატფორმაზე 12 პროექტისათვის თანხების შეგროვების კამპანია დაიწყო, ესენია:

1. სისხლის უანგარო დონორების საინფორმაციო პორტალის შექმნა
2. ტყიბულში STEM კლუბის აღჭურვა
3. სოფელ წვირიმის საბავშვო ბაღის აღჭურვა სასრიალოებით და ეზოს სათამაშოებით.
4. მოძრავი ბიბლიოთეკა რაჭაში
5. დმანისში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის „შეხვედრის ადგილის” შექმნა
6. ფოთში, ნაბადის უბანში ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა და თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვა
7. ქართული ინკლუზიური სამაგიდო თამაშის წარმოება და გავრცელება
8. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის სკოლისთვის STEM ლაბორატორიის მოწყობა
9. წალკის რაიონის სკოლაში ციფრული ოთახის მოწყობა
10. ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 ბავშვისთვის დღის ცენტრის აღჭურვა
11. თბილისში არსებული ტყის საბავშვო ბაღისათვის განმავითარებელი სათამაშო მოედნის მოწყობა
12. სიღნაღში სოციალურ-კულტურული სივრცის „ცოდნის კაფეს“ ეზოს მოწყობა.

იდეების მხარდაჭერა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

Write a Comment

<