სამოქალაქო ინიციატივებისათვის თანხების შეგროვების კამპანია გრძელდება

სამოქალაქო ინიციატივებისათვის თანხების შეგროვების კამპანია გრძელდება

ორბელიანი მეტის”  სახალხო დაფინანსების პლატფორმაზე 17 სამოქალაქო ინიციატივისათვის თანხების შეგროვების კამპანია გრძელდება. ამ ინიციატივების მიზანი თბილისსა და რეგიონებში ადგილობრივი თემის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პრობლემების  მოგვარებაა. თუ პროექტის ავტორები თანხის 30%-ს მოქალაქეებისგან   შეაგროვებენ, დანარჩენ 70%-ს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით მიიღებენ.

მაისში რამდენიმე პროექტმა შეაგროვა საკმარისი თანხა და მალე, USAID-ის თანადაფინანსებით, საინტერესო პროექტები განხორციელდება, კერძოდ:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სივრცე თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენას და მონაწილეობას მიიღებენ ლიტერატურული და კინო კლუბების საქმიანობაში და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში.

საქართველოს ერთადერთ უდიურ სოფელში მდგარ ყველაზე ძველ, 100-წლოვან სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ სახლში განთავსდება ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც ვიზიტორები გაეცნობიან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის – უდიური თემის კულტურასა და ისტორიას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ახალგაზრდების ინიციატივით, ბიბლიოთეკა შეიქმნება, რომელიც სოფლის მკვიდრებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს შესთავაზებს.

დანარჩენი იდეების მხარდაჭერის კამპანიები 10 ივნისის ჩათვლით გრძელდება. იდეების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე – orbelianimeti.ge.

„ორბელიანი მეტი“ სახალხო დაფინანსების პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, წარადგინოს თავისი იდეა და შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, დაიწყოს ე.წ. „ქრაუდფანდინგის“ (სახალხო დაფინანსების) კამპანია იდეის მხარდასაჭერად თანხების შესაგროვებლად.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<