საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რაჭას დიდი ხანია, რაც მიმზიდველი ბუნებით აქვს სახელი განთქმული. დიდწილად ხელუხლებელ გარემოს ამშვენებს თვალწარმტაცი მწვერვალები, კამკამა ტბები და უღრანი ტყეები. ეს ადგილები ძვირფასია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე, ზოგადად, ბუნების მოყვარულებისთვისაც.
თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქაურებს მათი მიწის ბედი აშფოთებთ. 2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ აუქციონზე გაიტანა რაჭა-ლეჩხუმის ტყის 100 ათას ჰექტარზე მეტი. აუქციონს ერთი მონაწილე ჰყავდა. ტყე 49 წლით გადაეცა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“. ამ კომპანიის მესაკუთრე ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც ახლო კავშირები აქვს სანქცირებულ რუს ოლიგარქთან. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამ მიწაზე ინვესტორის მიერ წამოწყებულმა საქმიანობამ შესაძლოა მათზე დიდი ზეგავლენა იქონიოს.
მოსახლეობის ინტერესების დასაცავად სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა (CCA), USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის სწრაფი რეაგირების გრანტის დახმარებით და ონლაინ მედია-პორტალ „მთის ამბებთან“, რაჭის სათემო ორგანიზაციასთან და გარემოს დაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასთან“ პარტნიორობით დაიწყო ადვოკატირების კამპანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებული გახადოს მისი გადაწყვეტილების გამო.
კამპანიის დაწყებიდან ერთი თვეც არ გასულა, ამ საკითხმა კი უკვე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. რაჭის სათემო ორგანიზაციამ კარდაკარ მოიარა 10 სოფელი და შეხვდა 300-ზე მეტ ადამიანს, რათა მოესმინა მათი წუხილი და თან მათთვის ინფორმაციაც მიეწოდებინა.
ეთო არსანიძე, რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აუქციონის ჩატარებამდე ადგილობრივი მოსახლეობა საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ და მათთან კონსულტაციები უნდა ჩატარებულიყო. „რაჭის მიწის ერთ მესამედზე მეტის სხვისთვის გადაცემას პირდაპირი ზეგავლენა აქვს მახლობლად განლაგებული 81 სოფლის მოსახლეობაზე. ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში ჩართული უნდა იყოს. მათ აქვთ უფლება, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარი გარემოს შესახებ. რადგან მთავრობამ ეს არ გააკეთა, მაშინ ჩვენ – მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ სადავეები ხელში.“
პროექტის ორგანიზატორებმა ემოციური ონლაინ კამპანიაც წამოიწყეს, რამაც მოსახლეობას უფრო ფართო პლატფორმა მისცა ამ საკითხისთვის ყურადღების მისაპყრობად. მათ „ფეისბუკის“ ჯგუფში უკვე გაწევრიანდა 2300-ზე მეტი ადამიანი. „მთის ამბებმა“ გადაიღო ვიდეოები, სადაც ადგილობრივ მოსახლეებს თავიანთი წუხილის გაზიარების შესაძლებლობა აქვთ. ერთი ასეთი ვიდეო „ფეისბუკზე“ 417 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს საკითხი ეროვნულმა მაუწყებლებმაც გააშუქეს – „მთავარმა“ და „ფორმულამ“ სიუჟეტები მოამზადეს, რომლებშიც „მთის ამბების“ გადაღებული ორი ვიდეო გამოიყენეს.
ლევან კერვალიშვილი, „მთის ამბების“ ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. „ჩემთვის გარემო უბრალოდ გეოგრაფიული წერტილი კი არ არის, ეს ისაა, სადაც ვცხოვრობ. ის მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, ვისაც რაჭის მიმართ ერთნაირი გრძნობები გაგვაჩნია. ადამიანები განუყოფლები ვართ ჩვენი გარემოსგან, ამიტომაც მიუღებელია მიწის ინვესტორისთვის გადაცემა, რომელიც შემდეგ ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რა გააკეთოს იქ.“
მოსახლეობისთვის პლატფორმის შექმნის გარდა, სამოქალაქო კამპანია ადგილობრივი ბუნების დასაცავადაც იბრძვის. CCA-მ უკვე დაიწყო ადვოკატირება და გეგმავს საკანონმდებლო მუშაობის ჩატარებას, რათა რაჭაში შეიქმნას ეროვნული პარკი, სადაც მოექცევა ის ტყეც, რომელიც აუქციონით გასხვისდა. ამ პროცესის ინიციატივით მთავრობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გამოვიდა, ბოლოს მისი განხორციელების პირობა კი 2019 წელს დადო.
9 ივნისს „მწვანე ალტერნატივამ“ და „მთის ამბებმა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. ისინი მოითხოვენ მიიღონ ინფორმაცია აუქციონთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და ამტკიცებენ, რომ, კანონის მიხედვით, ტყის აუქციონზე გატანამდე, აუცილებელი იყო ჩატარებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
Leave a Reply