საჯარო დისკუისები „სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გზები“ რუსთავში და გორში

საჯარო დისკუისები „სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გზები“ რუსთავში და გორში

27 და 28 ივლისს ACCESS-ის ორგანიზებით რუსთავში და გორში გაიმართა საჯარო დისკუსიები საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის, ავტომობილების სავალდებული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების, ასევე საქართველოში ჰაერის დაბინძურების საკითხებზე. შეხვედრაზე სპიკერებად მოწვეული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს), არასამთავრობო ორგანიზაციების („Hub Georgia“, „CRRC საქართველო“, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“) და საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის წარმომადგენლები. მათ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:

• 100–ქულიანი მართვის მოწმობები და უკონტაქტო პატრულირება – საავტომობილო გზებზე გაზრდილი ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესამცირებლად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეფორმა გატარდა და 2017 წლის 1 ივლისიდან ახალი რეგულაციები დაინერგა. სწორედ ამ რეგულაციების დანერგვას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით. შსს–ს წარმომადგნლებმა შეხვდერის დამსწრეებს (მძღოლებს, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგნლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს) დეტალურად გააცნეს ახალი რეგულაციები და მათ კითხვებს უპასუხეს.  მართალია, ამ სიახლეების დანერგვიდან ჯერ არ გასულა საკმარისი დრო, რომ მის შედეგზე ვისაუბროთ, თუმცა შსს–ს წარმოამდგენლების თქმით, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევების შემცირების ტენდენცია უკვე შეინიშნება (მაგ: თუკი ადრე დღეში საშუალოდ 700 მძღოლი ჯარიმდებოდა მობილური ტელეფონის გამოყენების გამო, ახალი რეგულაციების დანერგვის შემდეგ ასეთი დარღვევების რაოდენობა 180–200–მდე შემცირდა. ასევე შემცირებულია ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევები).

• ავტოავარიების გამომწვევი ძირითადი მიზეზები – “Hub Georgia”–ს წარმომადგენელმა ავტოავარიების გამომწვევ მიზეზებზე ზოგადად, ხოლო შემდეგ საქართველოს მაგალითზე ისაუბრა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად ავტოავარიების მიზეზი მანევრირების წესის დარღვევა  და სიჩქარის გადაჭარდბებაა. თუმცა, ძირეული მიზეზები, რაც იწვევს მძღოლების ამგვარ ქცევას (მაგ: სუსტი კონტროლი, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ა.შ.) არაა გამოკვლეული, შესაბამისად, ეფექტური საპრევენციო სტრატეგიის განხორციელება საკმაოდ რთულია.

• ჰაერის დაბინძურების მიზეზები და ავტომობილების ტექნიკური გაუმართობა – ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი საქარველოში ჰაერის დაბინძურების ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ წამომადგენლის თქმით, ავტომობილების სავალდებული ტექნიკური ინსპექტირების შემოღება ნაწილობრივ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. თუმცა, ინსპექტირების პროცესი რომ იყოს ღია და გამჭვირვალე, საჭიროა არსებობდეს ძალიან დეტალური რეგულაციები და პროცესის მონიტორინგის საშუალება. საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის წარმომადგენლმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების შემოღებას უკავშირდება. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რაც ამჟამად ტექნიკური ინსპექტირების კონტროლის და აღსრულების სფეროში არსებობს (მაგ: 2016 წელს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 15%–მა გაიარა სავალდებული ტექნიკური შემოწმება).

როგორც სპიკერების, ასევე მონაწილეების აზრით, საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად საჭიროა ერთიანი სახლემწიფო მიდგომა, სადაც ჩართული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყება (როგორც შსს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და ა.შ.). მონაწილეების აზრით, უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ცალკე უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საგზაო პოლიტიკის განხორიცელებაზე. შესაბამისი უფლება–მოვალეობები გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებაზე, რაც აფერხებს საგზაო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას.

EWMI ACCESS-ი უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ანალოგიურ შეხვედრებს ჩაატარებს, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საგზაო უსაფრთხოების სფეროში დანერგილი სიახლეების შესახებ, ასევე გაიზარდოს მათი მგრძნობელობა ჰაერის დაბინძურების მიმართ.

Write a Comment

Leave a Reply

<