ACCESS–ის პროექტის ერთ-ერთი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობის დაახლოება და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება. თუმცა ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ რიგითი მოქალაქეები ნაკლებად იცნობენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და, შესაბამისად, ნაკლებად ენდობიან მათ. ხშირად განსაკუთრებით რეგინებში მცხოვრებ მოსახლეობას მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა პოლიტიკურად მოტივირებულია, ან/და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურება.
ამ საინფორმაციო ვაკუუმის შესავსებად და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის გაუცხოების შესამცირებლად, ACCESS–ის პარტნიორმა ორგანიზაციამ “სიდა” სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან (RCSN) ერთად 2015 წლის მაისში, საქართველოს 10 რეგიონში “სამოქალაქო ჩართულობის კვირეული” გამართა, რომლის ფარგლებში 60-მდე მოხალისეობრივი აქცია/საინფორმაციო შეხვედრა/გამოფენა/ფორუმი/დისკუსია მოეწყო. კვირეულის მსვლელობისას რიგით მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ მათ რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო პროექტების შესახებ, ესარგებლათ ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სერვისით და ა.შ. არასამთვრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, უშუალოდ ბენეფიციარებისგან იღებდნენ საინტერესო ინფორმაციას და ახალ კონტაქტებს ამყარებდნენ. გარდა ამისა, თბილისიდან ჩამოსული ორგანიზაციები რეგიონულ ორგანიზაციებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.
საქმოქალაქო ჩართულობის ინიციატივების გაზიარება
სამოქალაქო ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, CIPDD) ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, მარნეულში, ახლაციხეში, გორში და მცხეთაში დაინტერესებულ პირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის რამდენიმე საშუალება გააცნეს: ინტერაქციული ვებგვერდები: www.chemikucha.ge, chemiparlamenti.ge, და shenmartav.ge . ამ ვებგვერდების საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მათი ქალაქერბის საკრებულოსა და პარლამენტის წევრების მუშაობას დააკვირდნენ და შეაფასონ მათი გადაწყვეტილებები; გამოხატონ საკუთარი აზრი სხვადასხვა კანონპროექტთან დაკავშირებით. ასევე გააგზავნონ ინიციატივები ქალაქის ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმები
ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ფორუმი/გამოფენა მოეწყო : იმერეთის რეგიონის 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსახლეობას საკუთარი პროექტები წარუდგინა, პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი უფასო სერვისები შესთავაზა, ასევე საინფორმაციო ბროშურები და პუბლიკაციები დაურიგა. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ მოქალაქეებს და მათთვის კონკრეტული ინიციატივები შეეთავაზებინათ.
კახეთის რეგიონში მოქმედმა 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოაწყო შეხვედრა თემაზე – რა მისია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს? რა ფინანსური რესურსები გააჩნიათ? რა შედეგებს მიაღწიეს დღემდე? შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების გაცნობა. შეხვედრა გამიზნული იყო იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც არასოდეს ჰქონია შეხება არასამთავრობო სექტორთან და ნაკლებად ენდობოდნენ მათ.
სამცხე-ჯავახეთის ორგანზაციებმა (დემოკრატ მესხთა კავშირი, აცოსიაცია ტოლერანტი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი) მოქალაქეებისთვის საკუთარ ოფისებში ღია კარის დღე მოაწყვეს. ამავე მიზნით არასამთავრობო ორგანზიაციამ „სიდა“ რუსთავის სტუდენტებს საკუთარი საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მოხალისეობა
კვირეულის ფარგლებში მრავალი მოხალისეობრივი აქტივობა მოეწყო: დაახლოებით 200 მოხალისე რუსთავში, ჭიათურაში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ბათუმში და ოზურგეთში აქტიურად იყო ჩართული დასუფთავების, ნერგების დარგვის, მოხუცებულთა დახმარების, სისხლის გაღების, წიგნების შეგროვების და სხვა აქციებში.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა მრავალი დისკუსია მუნიციპალური განვითარების გეგმებზე, ადგილობრივ პრობლემებზე და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში მონაწილე ორგანიზაციებს არ ჰქონდათ ცალკე დაფინანსება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მათ დიდ ინტერესზე და თავდადებაზე. ჯამში კვირეულში 1000-ზე მეტმა დამიანმა მიიღო მონაწილეობა.
Leave a Reply