მოძრაობამ „გავიგუდეთ“ რუსთავში სუფთა ჰაერის კამპანიის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

მოძრაობამ „გავიგუდეთ“ რუსთავში სუფთა ჰაერის კამპანიის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

12 იანვარს სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „გავიგუდეთ“ 2020 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ეს ჯგუფი 2018 წლიდან აქტიურად იბრძვის რუსთავში ჰაერის დაბინძურების შემცირებისათვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას EWMI ACCESS-ი უჭერდა მხარს.

რუსთავი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ამის მთავარი  მიზეზი ქალაქში არსებული 40-ზე მეტი საწარმოა, რომელთა დიდ ნაწილს   ფილტრაციის გამართული სისტემა არ აქვს. ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე 226 დღე რუსთავში ჰაერი მნიშვნელოვნად იყო დაბინძურებული.

ამ პრობლემებზე ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და თანამოაზრეების მოზიდვის მიზნით, „გავიგუდეთ“ სხვადასხვა აქტივობას აორგანიზებს – ის აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, ავრცელებს ვიზუალურ მასალას (კლიპებს, პოსტერებს), აწყობს გამწვანების აქციებს, ატარებს საჯარო შეხვედრებს, მართავს საინფორმაციო ტურებს რუსთავის საწარმოო ზონებში და ა.შ. ჯგუფის აქტიურობის შედეგად, 2020 წელს რუსთავში ეკომოხალისეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ მომენტისთვის „გავიგუდეთს“ Facebook-ის გვერდს 12500-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

მოქალაქეებთან კომუნიკაციის გარდა, „გავიგუდეთ“ საწარმოების მუშაობას აკვირდება და კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობს. 2020 წლის 22 ოქტომბერს მისი უშუალო ჩართულობით დამტკიცდა „ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“. გეგმის თანახმად, უნდა გაიზარდოს კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი, გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, გაიზარდოს ქალაქში მწვანე ინფრასტრუქტურა და ამაღლდეს მოქალაქეების ცნობიერება“. „გავიგუდეთ“ გეგმის განხორციელების პროცესს აქტიურად დააკვირდება.

ჯგუფის ადვოკატირების შედეგად მალე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაც იგეგმება. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების შემთხვევების გამოვლენას, მათ დროულად აღკვეთას და დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას. უფრო კონკრეტულად, შეიქმნება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი“ და ცვლილებები შევა სამ არსებულ კანონში, რომლის მიხედვითაც: ა) ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ინსტრუმენტული მეთოდით მოხდება; ბ) გარემოსდაცვით დეპარტამენტს ობიექტის, აგრეგატის, ან/და დანადგარის დალუქვის უფლებამოსილება მიენიჭება და გ) გაიზრდება ჯარიმები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი გაზომვის შეუსრულებლობის, ასევე, დაშვებული ნორმების გადაჭარბების  გამო.
პარლამენტმა ეს ცვლილებები ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა. დარჩა მესამე მოსმენა, რაც რამდენჯერმე გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მიღების მოთხოვნით დეკემბრის ბოლოს „გავიგუდეთმა“ საპროტესტო აქციები მოაწყო. საქართველოს პრემიერმინისტრმა დადო პირობა, რომ ცვლილებების მიღება 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

Write a Comment

Leave a Reply

<