სამოქალაქო ინიციატივები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

სამოქალაქო ინიციატივები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო პლატფორმა Dopomoga Ukraini-უკრაინისთვის, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიღებაში ეხმარება.

რუსეთ-უკრაინის ომის პირველ თვეებში, საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების დასახმარებლად მრავალი კერძო თუ საჯარო ინიციატივა გაჩნდა, თუმცა, კოორდინაციის ნაკლებობის გამო, თავად უკრაინელები ამ დახმარებების შესახებ ინფორმაციას დროულად ვერ იღებდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად, 2022 წლის მარტში, სამოქალაქო აქტივისტებმა ფეისბუკზე შექმნეს ჯგუფი, რომელიც დახმარების მიღებისა და გაწევის მსურველებს ერთმანეთს აკავშირებდა. ჯგუფის პარალელურად მალევე აამუშავეს ორენოვანი (უკრაინულ/ქართული) ვებსაიტი – www.dopomoga.ge, სადაც თავი მოუყარეს ინფორმაციას ლტოლვილებისთვის საცხოვრებლის, განათლების, დასაქმების, იურიდიული დახმარების, სამედიცინო და ფსიქოლოგიური სერვისების შესახებ. ამჟამად ვებსაიტზე 470-ზე მეტი ინფორმაციაა სხვადასხვა შეთავაზებისა და სერვისის შესახებ.

2022 წლის პირველი აგვისტოდან უკრაინელი ლტოლვილების სასტუმროებში განთავსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებული ოჯახების ნაწილის დროებით დაბინავება იმავე დღეს მოხერხდა, თუმცა, უკრაინის ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი გაურკვეველია. Dopomoga Ukraini-ს და სხვა სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების ინიციატივით, 4 აგვისტოდან უკრაინის მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის მიზნით თანხების შეგროვების კამპანია დაიწყო. ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. თავად ღია საზოგადოების ფონდმა 150 000 ლარის შემოწირულობა გააკეთა, რაც მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს.

კამპანიის ბანერის ავტორია ღია საზოგადოების ფონდი.

Write a Comment

Leave a Reply

<