სამოქალაქო ინიციატივები ქვემო ქართლში

სამოქალაქო ინიციატივები ქვემო ქართლში

4 აპრილს ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ მოხალისეობრივი საპროექტო იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსი ,,მე ვმოქმედებ, მე ვერთვები, მე მივეკუთვნები” მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 11 აზერბაიჯანულ სოფელში მცხოვრები ახაგაზრდებისთვის 2019 წლის თებერვალში გამოცხადდა. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოემზადებინათ საპროექტო იდეები საკუთარი სოფლის/თემის პრობლემების გადასაჭრელად. წარდგენილი 20 საპროექტო იდეიდან კომისიამ გამარჯვებულად 5 პროექტი შეარჩია. ესენია:

• პროექტი „მე საქართველოს მომავალი ვარ“ – საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანია ქვემო ქართლში (სოფლები  ხულდარა, სადახლო და მოლაოღლი) მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგონებისთვის. კამპანიის მიზანია გოგონების ინფორმირება არჩევნების და მასში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.  პროექტს განახორციელებენ სოფელ ხულდარას სათემო სარესურსო ცენტრის ახალგაზრდები.
• პროექტი „საბავშვო მოედანი სოფელ ხიდისყურში“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის ახლგაზრდები სკოლის ეზოში გასართობ მოედანს მოაწყობენ. სოფლის მოსახლეობა მათ დაეხმარება სათამაშო ინვენტარის დამონტაჟებაში და ტერიტორიის გამწვანებაში.
• პროექტი „სუფთა ნახიდური“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის სკოლის მოსწავლეები  მრავალჯერად დასუფთავების აქციას მოაწყობენ, დადგამენ ნაგვის ურნებს და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დანაგვიანებული ტერიტორიებიდან ნაგავს გაიტანენ. სკოლებში და თემში ახალგაზრდები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს გარემოს დაცვის საკითხებზე.
• პროექტი „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის ახლგაზრდები სოფლის დანაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში ურნებს დადგამენ და დასუფთავების აქციებს ჩაატარებენ. ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ისინი ასევე გაწმენდენ სოფლის მდინარის სანაპირო ზოლს და დარგავენ ნაძვებს.
• პროექტი „აღმოაჩინე საკუთარი თავი“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის ახალგაზრდები ერთ-ერთი სკოლის შენობაში მოაწყობენ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ ახალგაზრდულ სივრცეს. ამ სივრცეში აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს ჩაატარებენ, მათ შორის, ფილმების ჩვენებებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მკითხველთა კლუბის შეხვედრებს, შეხვედრებს სტუდენტებთან, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიებზე ინფორმაციას მიაწოდებენ და სხვ. კლუბი ახალგაზრდებს დაეხმარება საკუთარი სამომავლო პროფესიის განსაზღვრასა და ცოდნის ამაღლებაში.

გამარჯვებული პროექტების ავტორებს „ორბელიანი საქართველო“ ყველა საჭირო ნივთსა და აღჭურვილობას შეუძენს და უსასყიდლოდ გადასცემს. გარდა ამისა, პროექტის მოხალისე ავტორებს და სხვა მონაწილე ახალგაზრდებს ორგანიზაციამ უკვე ჩაუტარა  ტრენინგები კრიტიკული აზროვნების და სამოქალაქო აქტივიზმის უნარებში.

პროექტი EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ხორციელდება. 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<