სამოქალაქო კვირეული – “სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა”

სამოქალაქო კვირეული – “სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა”

17-22 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით და EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეული “სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა” გაიმართა. კვირეულის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო მოძრაობის, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და ჰაერის დაბინძურების თემებზე. კამპანიას ასევე შეუერთდნენ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ფოთის პორტის კომპანია.

კამპანიამ მოიცვა საქართველოს 10 რეგიონი: კახეთი,  ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია, სამეგრელო და აჭარა, სადაც ჩატარდა თემატური შეხვედრები და დისკუსიები საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. რეგიონებში შეხვედრებს უძღვებოდნენ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) წევრი ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებმა ჯერ თავად გაიარეს გადამზადება და შემდეგ  ჩაატარეს ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები მძღოლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მათ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ადამიანის როლი ავტოავარიების ზრდასა თუ შემცირებაში, ნასვამობა საჭესთან, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის დაუდევარი/გადაღლილი მართვა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციები  და სხვა. შეხვედრების გარდა, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ წევრებმა ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  კვირეულის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

რეგიონული კამპანია 22 სექტემბერს  თბილისში დასრულდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ სიმბოლური ველოგარბენი გამართა და ამით „საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე“ აღნიშნა. ველოგარბენს თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას.

Write a Comment

Leave a Reply

<