ფოთის მოქალაქეთა ჯგუფის ადვოკატირების კამპანია წარმატებით დასრულდა: 100 ოჯახს დაბინძურების ზონიდან განასახლებენ

ფოთის მოქალაქეთა ჯგუფის ადვოკატირების კამპანია წარმატებით დასრულდა: 100 ოჯახს დაბინძურების ზონიდან განასახლებენ

ქალაქ ფოთის ნავსადგურსა და სამრეწველო ზონაში გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მცხოვრებლებს. ღიად ხდება მავნე ნივთიერებების დამუშავება და ტრანსპორტირება,  ქარხნებიდან კი ჰაერში მძიმე მეტალების  გამოიფრქვევა – რაც ზიანს აყენებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.  2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურების ზონაში ნიადაგში ტყვიის, სპილენძისა და კოლოიდური ვერცხლის შემცველობა დასაშვებ ნორმებს აჭარბებდა. ლაბორატორიული კვლევებით  სისხლში ტყვიისა და მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია დაუფიქსირდათ ბავშვებსაც, რაც ადასტურებს, რომ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მიმდინარე ინდუსტრიული სამუშაოები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ადგილობრივი აქტივისტი, „ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ელისო ჯანაშია ოთხ წელზე მეტია იბრძვის ამ პრობლემის გასაშუქებლად და ადგილობრივებისათვის უფრო უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად. 2020 წელს მან შექმნა სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის,“ სადაც გაერთიანდნენ ეკოლოგიური პრობლემებით შეწუხებული მოქალაქეები. პლატფორმა რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ, მოსახლეობას რთავს სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში და თვითმმართველობას დაბინძურებული ზონიდან ოჯახების განსახლებისკენ მოუწოდებს.

რამდენიმეწლიანი ადვოკატირების შემდეგ ჯგუფმა 2021 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობისაგან პირობა მიიღო, რომ ქალაქის ყველაზე დაბინძურებულ ადგილას, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა ას ოჯახს უსაფრთხო საცხოვრებლებს შესთავაზებდნენ. თუმცა, ორი წლის მერეც ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელი იყო.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ აგრძელებდა ამ ოჯახების უფლებებისთვის ბრძოლას  და საზოგადოების ინფორმირებას მათი პრობლემების შესახებ. USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ამ ჯგუფმა მოაწყო ფილმების ჩვენებები და დისკუსიები, ჩაატარა საინფორმაციო ტურები  დაბინძურების ზონაში, არაერთხელ შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს,  და მუდმივად ცდილობდა მოქალაქეების ჩართვას ამ კამპანიაში.  სამოქალაქო პლატფორმამ ასევე მხარი დაუჭირა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას, როდესაც ისინი 2023 მაისში განსახლებისათვის შესაბამის პირობებს ითხოვდნენ.

სამწლიანი ადვოკატირების შემდეგ, 2023 წლის ივნისში ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობა ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და  ბინებისთვის საბაზრო ფასზე მეტი ღირებულების კომპენსაცია შესთავაზა. პლატფორმის დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია ამბობს, რომ ეს წარმატება დიდწილად განაპირობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობამ და აქტიურობამ. „ჩვენი პლატფორმა აქტიურად ცდილობდა ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებზე  ინფორმაცია  გაევრცელებინა“ – თქვა მან. „ჩვენ ვცადეთ, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლე ჩაგვერთო  თვითმმართველობის სხდომებში, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებში, საჩივრებისა და პეტიციების შედგენაში…  კონკრეტული ადამიანების მონაწილეობით ამ პრობლემებმა ადამიანური სახე მიიღო და საჯარო განხილვის საგანი გახდა,  რამაც ხელი შეუწყო პრობლემის გადაჭრას“ .

ელისო ჯანაშია იმედოვნებს, რომ ეს გამარჯვება სხვებსაც მისცემს მოტივაციას სუფთა და უსაფრთხო ფოთისათვის ადვოკატირების კამპანიაში ჩაერთონ, ვინაიდან ამ მხრივ ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ამჟამად პლატფორმა აგროვებს ხელმოწერას პეტიციაზე, რომლითაც ითხოვს პორტის მიმდებარედ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მობილური სადგურის  დაბრუნებას. მობილური სადგური  2020 წელს მოქალაქეების მოთხოვნით დაამონტაჟეს, თუმცა შემდეგ  დაშალეს და ამის მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა დაასახელეს.

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<