ბოლნისელები ქალაქში კულტურულ პროცესებს აცოცხლებენ

ბოლნისელები ქალაქში კულტურულ პროცესებს აცოცხლებენ

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებისთვის“, ბოლნისის მოსახლეობასთან ერთად, ბოლნისის კინოთეატრის აღდგენისათვის ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს.

2022 წლის შემოდგომაზე,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“- ის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადები განიხილებოდა დასაფინანსებლად, ბოლნისის კინოთეატრის რეაბილიტაციის იდეამ გაიმარჯვა და ადგილობრივ 2023 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა  გამოიყო. რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი (შენობის გადახურვა და სველი წერტილების მოწყობა) დაწყებულია და მალე დასრულდება.

ამასობაში, პროექტის გუნდმა თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო კინოთეატრში გათბობის პრობლემის მოსაგვარებლად. მას შემდეგ, რაც დასრულდება შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ერთიანი ძალებით შეგროვებული თანხით მოქალაქეები გათბობის სისტემას შეიძენენ და დაამონტაჟებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კულტურულ ღონისძიებებს წელიწადის ცივ თვეებშიც დაესწრონ. კინოდარბაზის გათბობისათვის საჭიროა 7000 ლარის შეგროვება. თანხების შეგროვების კამპანიაზე ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

პროექტის გუნდის მიზანია, კინოთეტარში კინოჩვენებების გარდა, სხვა მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართოს. აგვისტოში ჩატარებულ საჯარო შეხვედრაზე ბოლნისელებმა კინოთეატრის განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს. პროექტის გუნდმა ასევე ჩაატარა  ონლაინგამოკითხვა, რომელშიც 60-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სანამ კონცეფციაზე მუშაობა დასრულდება, კინოთეატრში უკვე დაიწო შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მასტერკლასები სცენარის წერასთან დაკავშირებით, ვორკშოპი ანიმაციური ფილმების შექმნის საფუძვლების შესახებ), რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება.

Write a Comment

Leave a Reply

<