არასამთავრობო ორგანიზაციამ „ცვლილებების სცენა“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო სადადგმო-საშემსრულებლო (თეატრის) სფეროში არსებული გამოწვევების შესწავლა და სფეროს მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ფართო დისკუსიების ორგანიზება.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა საქართველოში პროფესიული თეატრების მართვის, ინსტიტუციური მოწყობისა და დაფინანსების მოდელი; ასევე შეისწავლა ინგლისის, გერმანიისა და ლიეტუვის გამოცდილება. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებზე სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც გაეცნენ (ჯამში თერთმეტი ქვეყნის გამოცდილებას). კვლევის შედეგები განიხილეს დისკუსიებზე თეატრის თანამშრომლების, ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობით. შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან მონაწილეებს პირველად მიეცათ საშუალება გაეანალიზებინათ თეატრის სფეროს მართვის საუკეთესო პრაქტიკები, პრობლემების მოგვარების გზები, სფეროს ზოგადი განვითარების, დაფინანსების ზრდის და პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობები. დისკუსიების ამსახველი ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ „ცვლილებების სცენის“ ფესიბუკის გვერდზე.
დისკუსიების შემდეგ „ცვლილებების სცენამ“ სადადგმო-საშემსრულებლო სფეროს პოლიტიკის დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც აღწერილია პრობლემები და შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რაც საფუძვლად უნდა დაედოს სფეროს გაჯანსაღებასა და ცვლილებებს. პოლიტიკის დოკუმენტი პროფესიულ წრეებში განიხილეს.
USAID-ის მხარდაჭერილი პროექტი ინვარში დასრულდა, თუმცა „ცვლილებების სცენა“ იწყებს უფრო ფართომასშტაბიანი, ღია და საჯარო დისკუსიების ორგანიზებას, სადაც სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს საშუალება ექნება მიიღოს მონაწილეობა, დააინიციროს განსახილველი საკითხი და განსაზღვროს დისკუსიის ფორმატი.
Leave a Reply