ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის პრობლემების ანალიზი
18 აპრილს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვაში არსებულ პრობლემებზე პრეზენტაცია-დისკუსია გაიმართა. პრობლემების კვლევა საზოგადოება „ბათომმა“ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩაატარა. მასში განხილული და შეფასებულია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის საკანონმდებლო ჩარჩო, მისი შესაბამისობა საერთაშორისო დოქტრინებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან, მართვის სტრუქტურების ეფექტიანობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კვლევის ავტორია „იკომოს საქართველოს“ პრეზიდენტი ნატო ცინცაბაძე.
შესწავლის შედეგად „ბათომმა“ დაასკვნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა და დაცვა მხოლოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ევალება. სააგენტო, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, სრულყოფილად ვერ ახორციელებს ამ ფუნქციას. რაც შეეხება რეგიონში არსებულ სხვა საბჭოებსა და მერიის სამსახურებს, ისინი მხოლოდ ნებართვების გაცემით არიან დაკავებულები. ამ მოცემულობით, კვლევის ავტორების აზრით, ბათუმის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისა და განადგურების საფრთხე რეალურია. ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა ცალსახად არ შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებს და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.
„ბათომის“ კვლევას თან ერთვის რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ისტორიული ქალაქის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განვითარებისთვის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.
კვლევის პრეზენტაციას დაესწრო ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს „ბათომთან“ და იმუშაოს ყველა იმ დოკუმენტის მომზადებაზე, რომელთა არსებობაც აუცილებელია ქმედითი ერთიანი სტრატეგიის შესაქმნელად.
კვლევის ანგარიში იხილეთ აქ.
Leave a Reply