მიზნობრივი სოციალური დახმარების შეფასება

მიზნობრივი სოციალური დახმარების შეფასება

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობას სწავლობს.

პროექტის ფარგლებში გაანალიზდება საარსებო შემწეობის განაწილების მეთოდები,   ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვის და ამორიცხვის პროცესის სამართლიანობა და  გამჭირვალობა, მიღებული ქულების გავლენა ცენტრალური და მუნიციპალური სოციალური დახმარებების მიღებაზე და სხვ. ასევე, გაანალიზდება  თუ რამდენად ეხმარება ეს პროგრამა ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში.

ივლისში გამოქვეყნდა კვლევის პირველი ანგარიში, რომელშიც შესწავლილია  სოციალური დაცვის სისტემაში საარსებო შემწეობის როლი და მისი მიმართება სოციალური მხარდაჭერის სხვა სერვისებთან.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საარსებო შემწეობა სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და მასში ჩართული ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები კვლავ მაღალია. ამჟამად საარსებო შემწეობას 660000-ზე მეტი მოქალაქე იღებს, თუმცა  სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი – 1 202 600 ადამიანია – რეგისტრირებული. ეს მონაცემი, 2016 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაში რეგისტრაცია და შესაბამისი ქულის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ ოჯახმა საარსებო შემწეობა მიიღოს. შესაბამისად, ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების უმრავლესობას სახელმწიფოსგან შემწეობის მიღების საჭიროება აქვს. მიუხედავად ამისა, საარსებო შემწეობას ბაზაში რეგისტრირებულთა 55.6 % იღებს.

პროგრამა სიღარიბეში მცხოვრებ ცალკეულ ადამიანებსა და ჯგუფებს (მაგ: უსახლკაროები, ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები და სხვა) საერთოდ უგულებელყოფს ან არასაკმარისად ხედავს. იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანი მუნიციპალური, თუ ცენტრალური სოციალური სერვისები სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულებზეა მიბმული, საარსებო სისტემის მიღმა დარჩენილი ადამიანები სხვა მნიშვნელოვანი სერვისების გარეშეც რჩებიან.

სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შესაბამის რეკომენდაციებსაც გვთავაზობს. კვლევის ანგარიშში ასევე მიმოხილულია სოციალური დაცვის უფლების საერთაშორისო სტანდარტები.

კვლევის მთავარ მიგნებებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ვიდეო და ვიზუალური მასალა მოამზადა.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<