არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს. ეკოლოგიური პრობლემები განსაკუთრებით მძიმეა ინდუსტრიულ ზონაში – პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და მათი ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხდება. მეტალურგიულ ქარხნებს არ აქვთ ფილტრაციის გამართული სისტემა, რის გამოც ჰაერში დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებები გამოიფრქვევა. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე. 2021 წელს ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს ლაბორატორიული კვლევებით სისხლში ტყვიისა და მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია დაუფიქსირდათ. ამავე ზონაში აღებული ნიადაგის სინჯებითაც სპილენძისა და ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა დაშვებულ ნორმებს. კვლევები „ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრის“ ინიციატივით ჩატარდა და შემდგომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, პრობლემების სიმწვავე და მასშტაბი დღესაც იგივე რჩება.
„ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრმა“ ამ პრობლემებზე საპასუხოდ 2020 წელს სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ შექმნა, რომელშიც ეკოლოგიური პრობლემებით შეწუხებული ადამიანები გაერთიანდნენ. პრობლემების გაშუქებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პლატფორმაზე რეგულარულად ქვეყნდება საინფორმაციო მასალები, ტარდება საინფორმაციო ტურები დაბინძურების ზონებში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაბინძურების ზონაში მცხოვრები ოჯახების განსახლების და ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით.
7 ივნისს, სამოქალაქო პლატფორმის, “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” დამფუძნებელი ელისო ჯანაშია, ამერიკული ფინანსური კორპორაცია DFC-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ საჯარო მოსმენაზე სიტყვით წარსდგა და DFC-ის მიერ დაფინანსებული ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის პროექტის გარემოზე ზიანის შემცირების მიზნით წინადადებები გააჟღერა. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ასი ოჯახით დასახლებულ ორ კორპუსს ესაზღვრება.
მაისში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები რამდენიმე დღე უწყვეტ აქციას მართავდნენ და განსახლებისთვის საჭირო ფულად დანამატს ითხოვდნენ. აქციების შემდეგ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის გაიმართა შეხვედრები, რომელზეც საცხოვრებლების დატოვების სანაცვლოდ კომპენსაციის რაოდენობას განიხილავდნენ. მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.
Leave a Reply