USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

Back to homepage

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონი აშშ დოლარია.

პროგრამის მიზანია, გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება: დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და მობილიზებას საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო აქტივისტების ძლიერი ეკოსისტემა და ხელმისაწვდომი გახდეს რესურსების მრავალფეროვანი წყაროები. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო მოძრაობებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს სამი ძირითადი ამოცანა აქვს:

ამოცანა 1: სამოქალაქო  აქტორების გაძლიერება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რეაგირებისთვის

ამოცანა 2: სამოქალაქო აქტორებს შორის, აგრეთვე სამოქალაქო აქტორებსა  და სხვა სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერება

ამოცანა 3: სამოქალაქო აქტორების   მდგრადობისთვის საჭირო ეკოსისტემის შექმნა

პროგრამის განხორციელების პროცესში EWMI-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ შემდეგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები: CANVAS (გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრი) − მსოფლიო ლიდერი წარმატებული არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;  ZINC Network − უმაღლესი კლასის კომუნიკაციების სააგენტო, რომელიც კვლევის, მედიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხერხების გამოყენებით სამოქალაქო აქტორებს მიზნობრივი და ხელშესახები სოციალური ცვლილებების მიღწევაში ეხმარება; არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL) − მსოფლიოში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ფილანთროპიისა და სამოქალაქო ჩართულობის საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობს; სათემო ფონდის ევროპული ინიციატივა (ECFI) − ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია ევროპაში სათემო ფონდების გაძლიერება და ხელშეწყობა; ორბელიანი საქართველო − თანხების მოძიების (ე. წ. ქრაუდფანდინგის) წამყვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც არაფორმალურ სამოქალაქო ჯგუფებსა და სამოქალაქო აქტივისტებს საკუთარ თემში სასარგებლო ინიციატივების განხორციელების საშუალებას აძლევს; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სოციალური და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების როლის გაძლიერებას; გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG)წამყვანი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულებას და ბიზნესის სექტორში მდგრად მიდგომებს ნერგავს; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE) − ათი რეგიონული სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ქსელი, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობასა და პროფესიულ ურთიერთობებს სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიებისა და ინიციატივის მასპინძლობისა და ორგანიზების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ცალკე სექციებში.

პროგრამა 2021 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2026 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება.

Write a Comment

<