კამპანია თრუსოს ხეობაში ისტორიული ძეგლების დასაცავად

კამპანია თრუსოს ხეობაში ისტორიული ძეგლების დასაცავად

თრუსოს ხეობას მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელსაც  დაცვა სჭირდება. ხეობაში მიწის ყიდვასა და რეგისტრაციაზე 2020 წელს გაუქმებული მორატორიუმი საფრთხეს უქმნის უნიკალურ ბუნების და კულტურის ძეგლებს.

ყაზბეგში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურ მოქალაქეებთან და ექსპერტებთან ერთად თრუსოს ხეობის ისტორიული მემკვიდრეობისა და ბუნების  დასაცავად იბრძვის.

ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „ლომეკმა“ თრუსოს ხეობის კულტურის ძეგლთა გზამკვლევი გამოსცა, რომელიც დაბისა და სოფლების მოსახლეობას კარდაკარ შეხვედრების დროს დაურიგა და  თრუსოს ხეობის მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა, ასევე გააცნო მათთვის კანონით მინიჭებული უფლება დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობის შესახებ.

აგვისტოში და სექტემბერში „ლომეკის“ ორგანიზებით მოქალაქეებსა და დარგის ექსპერტებს შორის შეხვედრები გაიმართა, სადაც განიხილეს დაცული ტერიტორიების კატეგორიები და მათი მართვის ფორმები, დაცულ ტერიტორიაზე საძოვრების მართვის პრინციპები, ეკოტურისტული თვალსაზრისით თრუსოს ხეობის განვითარების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ექსპერტები მზად არიან ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიონ თრუსოს ხეობის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმისა და კონცეფციის შემუშავების პროცესში.

პროექტში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. სექტემბერში მათთვის თრუსოს ხეობაში საზაფხულო ბანაკი გაიმართა. შემეცნებითი შეხვედრებისა და თამაშების მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ თრუსოს ხეობის უნიკალურ ლანდშაფტსა და კულტურულ მემკვიდრეობას, მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვის, სამოქალაქო ჩართულობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადგილობრივი პრობლემები და იმსჯელეს, თუ რა ფორმით ჩაერთვებოდნენ პროექტის აქტივობებში. ბანაკში მონაწილეობა 12-მა მოსწავლემ მიიღო.

სექტემბერში „ლომეკი“, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მდინარე თერგზე “კამარა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ სკოპინგის ანგარიშის განხილვაში. „ლომეკმა“ თავი მოუყარა სამოქალაქო საზოგადოების კომენტარებს და ოფიციალურად წარადგინა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა  შენიშვნები ამ ანგარიშზე.

Write a Comment

Leave a Reply

<