სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

რუსთავი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ამის მთავარი  მიზეზი ქალაქში არსებული  საწარმოებია, რომელთა ნაწილს ფილტრაციის გამართული სისტემა არ აქვს.

ამ პრობლემებზე საპასუხოდ, USAID-ი რამდენიმე წელია მხარს უჭერს რუსთაველ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც, საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის გზით, გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებისა და მათი ეფექტიანი აღსრულებისთვის იბრძვიან.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, სამოქალაქო მოძრაობები „გავიგუდეთ“ და „ეკოცენტრი“ რეგულარულ მონიტორინგს უწევდნენ რუსთავის საწარმოო ზონაში ქარხნების მუშაობას და აანალიზებდნენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემებს. მონიტორინგის ამსახველი ვიზუალური მასალა სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდებოდა (ჯამში მომზადდა 65 მონიტორინგის მასალა). საწარმოო ზონის მონიტორინგში ჩართულები იყვნენ რუსთავის მოქალაქეებიც, რომლებიც ფოტო/ვიდეო მასალას აგროვებდნენ და დარღვევების შემთხვევაში ცხელ ხაზზე რეკავდნენ. მოქალაქეები ასევე ჩართულები იყვნენ სხვა გარემოსდაცვით აქტივობებშიც, მათ შორის გამწვანების აქციებში, გარემოსდაცვითი დოკუმენტების განხილვებში და სხვა. ადვოკატირების კამპანიის შედეგად, რუსთავში მოქმედი 15 საწარმოდან 13-მა დააყენა  ფილტრები და თვითმონიტოინგის სიტემა.

პროექტის გუნდი მონაწილეობდა „ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის“ შემუშავებაში, რომელიც 7 აგვისტოს დამტკიცდა და მასში „გავიგუდეთ“-ს მიერ მომზადებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია. მათ შორის, ცენტრალურ ზონაში არსებული საწარმოების ინსპექტირების რაოდენობის გაზრდა 100-დან 200-მდე და ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამოიკვლევს ქ. რუსთავის მოსახლეობაში მავნე ნივთიერებების (PM10, PM2.5, NO2) კონცენტრაციას. ცენტრი მონაცემებად გამოიყენებს არა მხოლოდ რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის სტატისტიკას, არამედ, იმ პაციენტების სტატისტიკასაც, რომლებიც იურიდიულად რეგისტრირებული არიან რუსთავში, თუმცა, შესაძლოა თბილისის ან სხვა ქალაქების სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობდნენ. ეს მიდგომა მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეფასდეს ჰაერის დაბინძურების გავლენა რუსთაველების ჯანმრთელობაზე.

„გავიგუდეთ“-ის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებისა და მონიტორინგის შედეგები ასევე გაითვალისწინა გარემოს დაცვის სამინისტრომ ქ. რუსთავის 2020-2022 წლების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებისას. შეფასების თანახმად, რუსთავის ჰაერში საწარმოების მიერ გაფრქვეული მყარი ნაწილაკების მასა 2022 წელს საბაზისო, 2019 წელთან შედარებით, 40%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი დაგეგმილი სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2019 წლის საბაზისო მაჩვენებლის 85%-ით შემცირებას.

აგვისტოს ბოლოს დასრულდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამით მხარდაჭერილი პროექტი. თუმცა, „გავიგუდეთ’ და „ეკოცენტრი“ განაგრძობენ ადვოკატირებას რუსთავში ჰაერის ხარისხის სასურველი დონის მისაღწევად.

Write a Comment

Leave a Reply

<