მშობლების ჩართულობა სკოლის მართვის პროცესში

მშობლების ჩართულობა სკოლის მართვის პროცესში

საქართველოში სკოლის მოსწავლეების მშობლებმა ხშირად არ იციან, რომ მათ კანონიერი უფლება აქვთ, სრულფასოვნად ჩაერთონ შვილების სკოლების მართვის პროცესში. როგორც წესი, არც სკოლის ადმინისტრაციას აქვს გააზრებული მშობლების თანამონაწილეობის მნიშვნელობა და სარგებელი.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ თბილისსა და რეგიონებში მშობლების  ქსელის შექმნასა და გაძლიერებაზე მუშაობს, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული სასკოლო განათლების სისტემის შექმნას.

პროექტის ფარგლებში კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან 28 მოხალისე მშობელი და 14 სკოლა შეირჩა, რომლებიც მშობელთა ჩართულობის დანერგვაზე იზრუნებენ. მაისში შერჩეულ სკოლებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს 800 ადამიანი დაესწრო; მათგან 200 დარეგისტრირდა ტრენინგზე „როგორ ჩავერთო ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრებაში“, რომელიც სკოლასა და მშობლებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას, მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას და კრიზისული ურთიერთობის მართვას ეხება.

მაისში ტრენინგები ჩატარდა რუსთავის, თბილისის, თელავისა და გორის სკოლებში. ამ ტრენინგებს, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებიც დაესწრნენ. მონაწილეებმა თეორიული მასალის გარდა, პრაქტიკული სიტუაციური ამოცანები განიხილეს, რომელთა მაგალითზეც მათთვის ნათელი გახდა სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის მნიშვნელობა, შინაარსი და ფორმები.

მომდევნო თვეებში ტრენინგები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. ამის შემდეგ ორგანიზაციის გუნდი, გადამზადებულ მშობლებთან ერთად, სკოლებში მშობელთა ორგანიზებული ჩართულობის გაზრდაზე იმუშავებს, კერძოდ, სკოლებს სისტემური მიდგომის შექმნაში, ხოლო მშობლებს – გააქტიურებაში, მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვაში და სკოლებში არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენაში დაეხმარება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<