ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები

იანვარში „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამის“ გამარჯვებული 8 პროექტი გამოვლინდა. მათი უმრავლესობა რეგიონებში განხორციელდება.

1.  აუტიზმის მქონე ზრდასრული პირების დახმარება
საქართველოში აუტიზმის მქონე ადამიანები 18 წლის შესრულების შემდეგ აუცილებელი სერვისების გარეშე რჩებიან. ამის გამო მათ უჭირთ სოციალიზაცია და სამსახურის შოვნა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია“  აუტიზმის მქონე ახალგაზრდებისათვის პროფესიული სარეაბილიტაციო სერვისების მოდელის განვითარებასა და დანერგვაზე იმუშავებს.

2. ჰაერის დაბინძურების შემცირება ფოთში
ფოთში ჰაერის დაბინძურების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს ლაბორატორიული კვლევებით  სისხლში ტყვიისა და მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია დაუფიქსირდათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი“ ამ პრობლემაზე ადვოკატირების კამპანიას გააგრძელებს და მოსახლეობის მობილიზების გზით, ადგილობრივ თვითმმართველობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

3. ხანდაზმულების  ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინიციატივა” („ცოდნის კაფე“), ხანდაზმულთა ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებზე ორიენტირებულ საპილოტე პროგრამას დაიწყებს. ეს პროგრამა სამომავლოდ მუნიციპალურ დონეზე დაინერგება.

4. ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვა თრუსოს ხეობაში
თრუსოს ხეობა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით გამოირჩევა. 2020 წელს ხეობაში მიწის ყიდვასა და რეგისტრაციაზე მორატორიუმის გაუქმების შემდეგ დაიწყო ხეობის უკონტროლო ათვისება, რამაც ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება გამოიწვია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, აქტიურ მოქალაქეებთან და ექსპერტებთან ერთად, ხეობის ისტორიული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის დასაცავად იმუშავებს და მოითხოვს თრუსოს დაცული ლანდშაფტის შესახებ 2021 წლის კანონის აღსრულებას.

5. ქვემო ქართლის ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში
2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების 88% არ მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობებში, 54%-ს არ აინტერესებს პოლიტიკა და 26% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ხელს შეუწყობს ამ რეგიონის ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო პროცესებში მათი მობილიზაციის, ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემის და მხარდაჭერის გზით.

6. მშობლების გაძლიერება  სასკოლო განათლების პროცესში ჩასართავად
საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად არიან ჩართულები განათლების სისტემაში არსებული პრობლემების განხილვისა და გადაჭრის პროცესებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“  მთელი ქვეყნის მასშტაბით მშობლების  ქსელის შექმნასა და გაძლიერებაზე იმუშავებს, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ  მათი შვილების ინტერესებზე მორგებული სასკოლო განათლების სისტემის შექმნაში.

7. ვაშლიჯვარში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
თბილისის ვაშლიჯვრის უბანი სწრაფად იზრდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი ამ გამოწვევას ვერ უმკლავდება – ავტობუსები გადატვირთულია, საფეხმავლო გადასასვლელები თითქმის არ არსებობს, ტროტუარები დაზიანებულია, ავტობუსის მოსაცდელები გაუმართავია და სხვ.

სამოქალაქო ჯგუფი „ვაშლიჯვარი ჩემი უბანია“ ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას და მათ მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზების, კრეატიული აქციებისა და  ადვოკატირების გზით ეცდება.

8. კულტურის სფეროს მხარდაჭერა
კულტურის სექტორში ბოლო პერიოდში გატარებულმა პოლიტიკამ, მოძველებულმა კანონმდებლობამ და კულტურის მუშაკებში მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის ნაკლებობამ  კულტურის სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სცენა ცვლილებებისთვის“ კულტურის სფეროს მართვის თანამედროვე მეთოდებსა და საუკეთესო გამოცდილებას შეისწავლის და ამ მიდგომების დასანერგად და სფეროში არსებული სხვა საჭიროებების გამოსავლენად ხელოვნების მუშაკებთან ერთად იმუშავებს.

პროექტების განხორციელება 2023 წლის თებერვალში დაიწყება.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<